ამ საინტერესო პროექტის მთავარი მიზანია, ხელოვნება რაც შეიძლება საჯარო გახადოს. წარმოიდგინე - შეგიძლია, თან ქუჩაში ისეირნო და თან თანამედროვე ქართველი და უცხოელი ხელოვანების ფერწერა, სკულპტურა, ვიდეოარტი და დიზაინი დაათვალიერო.
ზუსტად ამით განსხვავდება „ვიტრინა გალერეა“ კლასიკური გალერეებისგან. ამ პროექტით ხელოვნება ჩაკეტილი სივრციდან კედლებს მიღმა გავიდა და ხელმისაწვდომი გახდა ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც ფიზიკურად ვერ ახერხებს გალერეაში ან მუზეუმში შესვლას.
„ვიტრინა გალერეა“, თავისი არსიდან გამომდინარე, მოძრავია, თუმცა უმეტესად ქალაქის მთავარ გამზირზე - რუსთაველზე ნახავ.
გალერეას მუდმივი მისამართიც აქვს - რუსთაველის #37, სადაც თანამედროვე ქართველ ხელოვანთა შემოქმედებას გაეცნობი.