KA
რაჭული ხაჭაპური

რაჭული ხაჭაპური

ხაჭაპურის მრავალი სახეობიდან ყველაზე მეტი სახეობა რაჭაში - საქართველოს პატარა კუთხეში კეთდებოდა. ესენია: ბაჭულები, ბოხჩუანა, განატეხი, ფენოვანი, ჭახრაკინა, ხაჭაპური ისპანახით, ნიგვზით, ლორით.

რაჭული ხაჭაპურის მრავალფეროვნება

რაჭა ერთადერთი კუთხეა, სადაც ოთხკუთხედ, სამკუთხედ და მრგვალ ხაჭაპურებს აცხობენ, მრგვალს - როგორც სარიტუალოს, მზის შესაწირს. ამ კუთხის ტრადიციაა, აგრეთვე, ბეჭედდასმული, მოჭიკჭიკებული ხაჭაპური. ძველი წესის თანახმად, რაჭველი ხუროები მოსაჭიკჭიკებელ ხელსაწყოს ხისგან ამზადებდნენ. ის თითქმის ყველა ოჯახს ჰქონდა, ქალიშვილის მზითევის აუცილებელ ნივთებშიც შედიოდა და დედა შვილს, რეცეპტებთან ერთად, მის გამოყენებასაც ასწავლიდა. 

დღეს მოსაჭიკჭიკებელი რაჭის სოფლებში აქა-იქაა შემორჩენილი და, როგორც ძვირფასი ტრადიციის ნაწილს, რუდუნებით უფრთხილდებიან. ბევრმა წინაპრების კულინარიული გამოცდილება გააგრძელა კიდეც. მოჭიკჭიკებულ ცომიანებს, როგორც გასტრონომიული ხელოვნების ნიმუშს, ისე წარმოადგენენ ხოლმე და სტუმრებს სიამაყით უმასპინძლდებიან. 

რაჭა გამორჩეულია იმითაც, რომ ერთადერთი მხარეა, სადაც სამყველიანი ხაჭაპური მზადდება. ამის ნიმუში სოფელ ღებშია შემორჩენილი. ხაჭაპურის თითოეულ სახეობას თავისი ფორმა და დანიშნულება აქვს, მაგრამ უკლებლივ ყველა სახეობის ხაჭაპურში ორი ძირითადი ინგრედიენტია - ფქვილი და ყველი. 

რაჭული „განატეხი“

„განატეხი“ - ასე ჰქვია რაჭული ხაჭაპურის ერთ-ერთ სახეობას, რომელსაც საინტერესო ისტორია აქვს. ის ძირითადად საეკლესიო დღესასწაულებისთვის ცხვებოდა და სარიტუალო დანიშნულება ჰქონდა. 

სიუხვის, ბარაქისა და ღვთის წყალობის შეთხოვნით ოჯახის დიასახლისი „განატეხის“ სამზადისს წინა საღამოს იწყებდა. გამტკიცული ფქვილით საფუვრიან ცომს დააყენებდა, მერე ყველისა და გატარებული ნიგვზის თანაბარი წილით გულსართს მოამზადებდა, აფუებულ ცომს  ერთხელ კიდევ ჩაზელდა, პატარ-პატარა გუნდებად დაანაწილებდა, გულსართს ცომში შეახვევდა, გააბრტყელებდა, გამოაცხობდა და დილაუთენია, ისე რომ არავის დაენახა, ხმა არავის გაეცა, მდუმარედ, მრავალძალის სალოცავისკენ აღმართს ფეხშიშველი შეუყვებოდა. ხელისგულზე გამომცხვარი „განატეხი“ ედო და ტაძარს სამჯერ წრეს შემოუვლიდა. ეკლესიის ეზოში მყოფებს ხაჭაპური უნდა მოეტეხათ. სახელი „განატეხიც“ სწორედ აქედან გაჩნდა. ეს იყო მადლისა და მოწყალების განაწილების საკრალური რიტუალი, რომელსაც მხოლოდ ქალები ასრულებდნენ.  

რაჭული ნიგოზი ყოველთვის განთქმული იყო გამორჩეული გემოთი და ცხიმიანობით, მაგრამ თადარიგიანი დიასახლისი „განატეხისათვის“ ჯერ კიდევ შემოდგომაზე დაიმარაგებდა საგანგებოდ გადარჩეულ ლებნებს. ყველი კი ჭყინტი უნდა ყოფილიყო, რომელიც ყველა ოჯახს მოეპოვებოდა. 

როგორ მოვამზადოთ რაჭული „განატეხი“

„განატეხის“ ცომის მოსამზადებლად დაგვჭირდება:

პურის ფქვილი - 1 კგ

თბილი წყალი - ნახევარი ლიტრი

მარილი - 1 ჩ/კ

შაქარი - 1 ჩ/კ

საფუარი - 1 ჩ/კ

გულსართისათვის საჭიროა:

ნიგოზი - 500 გრ

ყველი - 500 გრ

თბილ წყალში გავხსნათ საფუარი, მარილი, შაქარი და კარგად მოვზილოთ. მოზელილ ცომს გადავაფაროთ ტილო და ნახევარი საათით დავდგათ ასაფუებლად. შემდეგ ერთხელ ჩავზილოთ, ამოვაგუნდაოთ და 4 ნაწილად გავყოთ. თუ საცხობი პატარა ზომისაა, ცომის გაყოფა 5 ნაწილადაც შეიძლება. გავაჩეროთ 10-15 წუთი. 

ნიგოზი გავატაროთ, ყველი დავჭყლიტოთ და კარგად შევურიოთ ერთმანეთს. დავყოთ იმდენივე ოდენობის თანაბარ გუნდად, რამდენ გუნდადაც ცომი დავყავით. გულსართი გაბრტყელებულ ცომში ჩავდოთ, ცომს თავი მოვუკრათ, ისევ გავაბრტყელოთ, მოვაჭიკჭიკოთ და ღუმელში გამოვაცხოთ.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა