რკონი, კლდეკარის ციხე და ჩოლმანი (ჩოლიანი) წალკის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის მახლობლად, მდინარე თეძმის ხეობაში მდებარეობს.
მარშრუტი საშუალო სირთულისაა და საერთო გზა 15 კილომეტრს შეადგენს, რომლის დაფარვასაც დაახლოებით 6 საათში შეძლებ.
გზა სოფელ რკონში იწყება და ტყით დაფარულ ბილიკს მიუყვება, რის გამოც ეს მიმართულება ტყეში ლაშქრობის მოყვარულებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა. ტყის გავლის შემდეგ გზა რკონის სამონასტრო კომპლექსამდე მიგიყვანს (VII-XVII),. აქვეა პირვანდელი სახით შემონახული თაღოვანი ხიდი, რომელიც თამარ მეფის სახელს ატარებს და კოშკის ნანგრევები, რომლებიც შენ თვალწინ საუკუნეების წინანდელ ისტორიას გააცოცხლებს.
სამონასტრო კომპლექსიდან გზა შედარებით რთულდება და 8 კილომეტრის გავლის შემდეგ ისტორიულ ძეგლთან - კლდეკარის ციხესთან აღმოჩნდები. ის IX საუკუნეში აიგო და იმ პერიოდისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული ნაგებობა იყო. ეს ადგილი სამი ისტორიული რეგიონის საზღვარია და ციხის ტერიტორიიდან თრიალეთზე, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლზე უმშვენიერესი ხედები იშლება.
კლდეკარიდან მარშრუტი დაღმართზე გრძელდება და საბოლოოდ ბილიკი სოფელ ჩოლმანში (ჩოლიანში) ჩადის, სადაც უძველეს მეგალითურ ნაგებობასაც ნახავ. ჩოლმანის დოლმენი ჯერ კიდევ კვლევის საგანია, თუმცა მისი არსებობა მიგვანიშნებს, რომ ეს ადგილი ძვ. წ. III-II ათასწლეულიდან უკვე დასახლებული იყო. დოლმენი კი სამარხი ან თემის ბელადის საცხოვრებელი შეიძლებოდა ყოფილიყო.