KA

ფრინველებზე დაკვირვება: როჭოს და შურთხის ძიებაში

ყოველ გაზაფხულზე სტეფანწმინდის თავზე შეხვდები ბინოკლებით შეიარაღებულ ქართველებსა და უცხოელებს, რომლებიც ყუროს მთის კალთებზე ქათმისებრთა ოჯახის ორ ფრინველს - კავკასიურ როჭოსა და კავკასიურ შურთხს დაეძებენ.
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთი
ქალაქი
სტეფანწმინდა

როგორ მოიხელთებ როჭოსა და შურთხს?

როჭოს პოვნა შედარებით იოლია. შესაჯვარებლად ეს ფრინველი ყოველ წელს ერთსა და იმავე ადგილს ირჩევს. ბალახიან ფერდობზე მამალი როჭოს სხეული შავ ლაქად მოჩანს. მისი მიგნება დურბინდითაც შეიძლება. კავკასიური შურთხი კი როჭოზე მაღლა ცხოვრობს და ნაცრისფერი შეფერილობის წყალობით ქვიან ნაშალსა და კლდეებში კარგად იმალება. 

მართალია, კავკასიონზე დილა შურთხის სტვენით იწყება, მაგრამ ხმით მისი მიგნება შეუძლებელია - მთებში ხმა უცნაურად ვრცელდება. შურთხის საპოვნელად კარგი ბინოკლი და გამოცდილი თვალია საჭირო. მიაგნებ ამ უნიკალურ ფრინველს, დაინახავ, როგორ აგდებს უკან თავს სტვენისას და გაოცდები, რომ მისი სტვენა სულ სხვა მხრიდან გესმის, ფრინველი კი სხვაგანაა.

რა სიურპრიზები გელოდება?

ფრინველების ძებნაში მონახულებული ადგილები უამრავი სასიამოვნო სიურპრიზითაა სავსე. შურთხის ძებნაში „ბერდვოჩერები“ აუცილებლად ნახულობენ აღმოსავლეთკავკასიურ ჯიხვს. ყუროს ფერდობზე ტელესკოპში ყურებისას შეიძლება იპოვო მურა დათვი ან ფოცხვერი, რომელიც როჭოებს ეპარება. 

თუკი სტეფანწმინდის შემოგარენში „კავკასიური ხუთეულის“ (კავკასიური შურთხის, კავკასიური როჭოს, კავკასიური ყარანას, კოჭობების, წითელმუცელა ბოლოცეცხლების) პოვნა ვერ ხერხდება, უფრო მაღალ მთებს - მყინვარწვერის კალთებს უნდა მიაშურო. 

საჭირო ინფორმაცია

გზა გერგეტის ეკლესიიდან გერგეტის მყინვარამდე გრძელი და დამქანცველია და კარგ ფიზიკურ ფორმას, აღჭურვილობას, მთაში სიარულის გამოცდილებას მოითხოვს. ამ ტურს ერთი სრული დღე დასჭირდება. ღამის გათევას კი სტეფანწმინდის სასტუმროებში შეძლებ.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა