სააღდგომო ტრადიციებს შორის გამორჩეული რიტუალი იყო ჭონა (ალილო), რომელიც დღესაც საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში სრულდება. აღდგომა დღეს რამდენიმე კაცი მთელ სოფელს ჩამოუვლიდა და სააღდგომო სიმღერით - საგალობლით დღესასწაულს ულოცავდა მოსახლეობას. როდესაც მახარობლები სიმღერას დაამთავრებდნენ, სახლის ბანიდან ან აივნიდან თოკით კალათას ჩაუშვებდნენ, სადაც დიასახლისი მათ ტკბილეულით, ხილითა და ფულითაც კი ასაჩუქრებდა.
სააღდგომო სადღესასწაულო სუფრას ამშვენებდა სააღდგომო ბატკანი, მშრალად მოხარშული ღორის ხორცი, შოთის პური, ყველი, მწვანილი, ხილი, წითელი ღვინო და, რაც მთავარია, წითელი კვერცხი. მიუხედავად იმისა, რომ დღეს უამრავი სახის ფხვნილი არსებობს კვერცხის შესაღებად, ყველაზე ნაცად საშუალებად ენდრო და ხახვის ფურცელი რჩება. სააღდგომო სუფრის მშვენებაა პასქა. ქრისტიანები მას ოდითგანვე მაცხოვრის აღდგომის რწმენის ნიშნად აცხობდნენ. სააღდგომო პასქაში აუცილებლად უნდა იყოს ბევრი ქიშმიში და სპეციალური სანელებლები.
რაჭაში აღდგომის დილას, ლოცვის შემდეგ, ხორბლის ფაფა იხარშებოდა, თონეში ლავაშებს აცხობდნენ, აღდგომის მეორე დღეს კი „გიორგონთობას“ ზეიმობდნენ. საინტერესო რიტუალი ჰქონდათ სამეგრელოში. აღდგომა დღეს ქვევრის თავზე ბატკანს ან გოჭს კლავდნენ. აცხობდნენ ყველისა და კვერცხის კვერებს. კახეთში სააღდგომოდ ბატკანს კლავდნენ.
საინგილოში ამ დღესასწაულისთვის ინგილოები ვნების პარასკევიდან ემზადებოდნენ. აღდგომას წითელი კვერცხებითა და საჭმელ-სასმელით მამაკაცები სასაფლაოზე გადიოდნენ, უვლიდნენ საფლავებს, შემდეგ ბურთაობდნენ და საღამოს სახლში ბრუნდებოდნენ. დილით ყველა ახალი ტანისამოსით იმოსებოდა, თავს იყრიდნენ სახლის აღმოსავლეთ ნაწილში და სანთლებს ანთებდნენ.
გურიის რეგიონში სააღდგომოდ გულმოდგინედ ემზადებოდნენ. კერავდნენ ახალ სამოსს, აგრეთვე, სხვადასხვა ფერისა და ზომის ტყავის ბურთს. შაბათ საღამოს დაასუფთავებდნენ სახლს და სააღდგომო კერძებს ამზადებდნენ. შუაღამისას ეკლესიაში მიდიოდნენ, წირვის დასრულების შემდეგ კი სასაფლაოზე გადიოდნენ, სადაც მღვდელი ტაბლებს აკურთხებდა.
სააღდგომო ტრადიციებით გამორჩეული იყო სვანეთი. შუაღამისას მთელი მოსახლეობა ეკლესიაში წირვას ესწრებოდა, დილით კი სასაფლაოზე ტაბლებზე სანთლებს ანთებდნენ, სრულდებოდა საგალობლები. ძველად სააღდგომო ზეიმი მთელი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და კვირაცხოვლობის დღესასწაულით მთავრდებოდა. კვირაცხოვლობის დღესასწაულისთვის სვანები განსაკუთრებულად ემზადებოდნენ. ყველა სოფელი თითო საუკეთესო ბუღას გამოარჩევდა და საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ სოფლის მოედანზე ბუღების ჭიდილი იმართებოდა. ეს ტრადიცია დღესაც ცოცხალია ისტორიულ ტაო-კლარჯეთში და თანამედროვე ართვინის ვილაიეთში.
ტრადიციულია სააღდგომოდ ჯეჯილის დათესვაც, რაც სათავეს იღებს ძველი ქრისტიანული წეს-ჩვეულებებიდან და საქართველოს ყველა კუთხეშია გავრცელებული. მორწმუნეები ხორბალს თეფშებზე ან თასებზე ბზობის კვირას აღვივებენ. სააღდგომოდ აბიბინებულ მწვანე ბალახზე გაგორებული წითელი კვერცხი მაცხოვრის მიერ სიკვდილის ძლევას გამოხატავს.
აღდგომის მეორე დღეს, ორშაბათს, მთელ საქართველოში საფლავებზე გასვლა, გარდაცვლილების მოხსენიება და საფლავზე კვერცხის გაგორებაა მიღებული. ზოგს სახლში თავისი ხელით მოყვანილი ჯეჯილიც მიაქვს.
აღდგომა საეკლესიო კალენდრის მიხედვით მოძრავია, მაგრამ ყოველთვის გაზაფხულს უკავშირდება - განახლებისა და სიცოცხლის იმედს, ამიტომ ეს დღე ყველასთვის განსაკუთრებული და გამორჩეულია.