ირაკლი აბაშიძისა და მის მომიჯნავე ქუჩებზე ქართველი დიზაინერების კონცეპტუალურ მაღაზიებს ხშირად შეხვდები. ამ ტიპის ბუტიკების გარდა, აქ აქსესუარების, ხელნაკეთი ნივთების, ყვავილებისა და წიგნების მაღაზიებსაც იპოვი, აგრეთვე, გასტრონომებსა და სხვა ბევრ საინტერესო ადგილს გადააწყდები.
დასვენებისა და გართობის მოყვარულებს აბაშიძის ქუჩაზე დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლიათ საინტერესო გარემო აღმოაჩინონ. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული ადგილია ღვინის მაღაზია და ბარი, სადაც ქართულ მარნებში დაწურულ ათობით სახეობის ღვინოს დააგემოვნებ და ქართულ ტრადიციულ კერძებსაც გასინჯავ. თუ ტკბილეული გიყვარს, მაშინ აქაურ შოკოლატერიას უნდა ესტუმრო.
ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე კაფეებში ერთხელ მაინც უნდა შეიარო, რადგან აქ გემრიელი ყავის თანხლებით მყუდრო გარემოში შეხვედრების მოწყობაცაა შესაძლებელი. აქვე მდებარეობს საერთო სამუშაო სივრცე, რომელიც ნებისმიერი პროფესიის ადამიანს კომფორტულ სამუშაო გარემოს სთავაზობს.
ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ მცირე ნაწილია იმ გამორჩეული ობიექტებისა, რომელთა მონახულებაც ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე შეგიძლია.
აქ მოხვედრა ილია ჭავჭავაძის გამზირზე მომავალი ნებისმიერი საქალაქო ტრანსპორტით შეგიძლია, გამზირიდან სულ რამდენიმე მეტრს კი ფეხით გაივლი.
ირაკლი აბაშიძის ქუჩიდან რამდენიმე წუთის სავალზეა ვაკის პარკი და ბავშვთა ქალაქი „მზიური“.