თამარ მეფის გამზირის კვეთიდან მარჯანიშვილის მეტრომდე, აღმაშენებლის გამზირზე სავაჭრო ობიექტები, კაფეები და რესტორნები შეგხვდება. აქ ნახავ როგორც ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის პატარა ბუტიკებს, ისე ატელიეებს, საჩუქრების, სათამაშოების, ტექნიკისა და აქსესუარების მაღაზიებს.
გზა მარჯანიშვილის მოედნიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე მყუდრო ხეივანს მიუყვება, სადაც მოჩუქურთმებულაივნებიანი სახლების ქვეშ სილამაზის სალონები და საქორწილო ტანსაცმლის მაღაზიები დაგხვდება. გზის ბოლო მონაკვეთი საფეხმავლოა და ერთ-ერთი ყველაზე ფერადი ადგილია ქალაქში. XIX საუკუნის აივნებიანი სახლების პირველი სართულები ყვავილებით, სავარძლებითა და ბალიშებით აჭრელებულ ქართულ და უცხოურ კაფეებს უჭირავს. აქ ბევრ სანაყინესა და ადგილობრივი დიზაინერების ატელიეებსაც იპოვი.
აღმაშენებლის გამზირზე ტრადიციული ქართული და აღმოსავლური რესტორნების დიდი არჩევანია, აქ ნაყინისა და დესერტების ცნობილ კაფეებსაც შეხვდები, მარჯანიშვილის მოედანზე კი სწრაფი კვების საერთაშორისო ობიექტები დაგხვდება. აღმაშენებლის ქუჩიდან ძალიან ახლოს, ნინოშვილის ქუჩაზე შეგიძლია განსხვავებული კონცეფციის ბარებსა და კაფეებსაც ესტუმრო.
აღმაშენებლის გამზირზე ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსითა და მეტროთი მოხვდები. მეტროსადგური „მარჯანიშვილი“ ზუსტად გამზირის შუაგულში მდებარეობს. ეკომეგობრული ტრანსპორტის მოყვარულებს კი გადაადგილება ველოსიპედებითა და სკუტერებითაც შეუძლიათ.