აწყურის ისტორია, სულ ცოტა, XI საუკუნიდან იწყება - როცა ის წერილობით წყაროებში იქნა მოხსენიებული. საკანაფეს კი XII საუკუნეს მიაკუთვნებენ და მის შესახებ წერილობითი ცნობები XVI საუკუნიდან ჩნდება.
ეს ისტორიული ციხე რამდენიმე სახელითაა ცნობილი: საკანაფე, თამარის ციხე, წრიოხის ციხე და ბესალთავის ციხე.
მართალია, ამ დიდებულმა ციხემ ჩვენს დრომდე მხოლოდ ნანგრევების სახით მოაღწია, მაგრამ მაინც ჩანს, რომ ის მტკიცე, საიმედო ნაგებობა იყო და იმერეთის რეგიონიდან მესხეთისკენ გამავალ ხევს კეტავდა. სტრატეგიულ ადგილზე აღმართული კოშკიდან მიმდებარე ტერიტორია სრულად კონტროლდებოდა. სწორედ საკანაფეს მეციხოვნეები აცნობებდნენ საფრთხის მოახლოებას სოფელ აწყურის მოსახლეობას, რომელიც მტრის შემოსევისას საკანაფეს ციხეს აფარებდა თავს.
კომპლექსში შედიოდა დარბაზული ტიპის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, რომელიც თლილი ქვით იყო ნაგები. მის კედლებს XI საუკუნის ფერწერა ამშვენებდა, თუმცა ნახატები წაშლილია და დაზიანებულია ქვის ზედაპირიც.
დღეს ეკლესიისგან, ისევე როგორც ციხისგან, მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი.