ის სამი მხრიდან ბუნებრივადაა დაცული ხრამებით, ხოლო ერთი მხრიდან 4-5 მეტრის სისქის გალავნითაა შემოფარგლული, რომლის სიგრძე 2 კილომეტრზე მეტია. კონცხის ძირში მდინარეები - ხრამი და ჭივჭავა მიედინება.
ეს ადგილი ძვ.წ. IV-III საუკუნეებში დასახლებული ყოფილა და ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა.
ხავსმოდებული, ლოდებად შემორჩენილი ნაქალაქარის დათვალიერებისას ნახავ, რომ აქაურობა ქუჩებითა და გასასვლელებით ყოფილა დაქსელილი, ნაპოვნია წყალგაყვანილობის სისტემის კვალი, აღმოჩენილია მონეტები და საინტერესო არტეფაქტები, რაც იმას მოწმობს, რომ აქ ცხოვრება დუღდა.
ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე განსაკუთრებით აღსანიშნავია VIII საუკუნის ცენტრალურ-გუმბათოვანი, დიდი საეპისკოპოსო ტაძარი – სამშვილდის სიონი.
აქ ნახავ ბრინჯაოს ხანის მეგალითებსაც, ნამოსახლარებსა და სამაროვნებს, ციტადელს, შუა საუკუნეების ციხესიმაგრესა და საყოფაცხოვრებო ნაგებობების ნაშთსაც. სამშვილდის კომპლექსში რამდენიმე ეკლესიაა: წმ. გიორგის სახელობის, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის, პალატის ეკლესია, სამნავიანი ბაზილიკა, ეკლესია შვერილი აფსიდით და მდინარე ხრამის მხარეს მდებარე თეოგენიდა.
ციხე-ქალაქის შესწავლა არქეოლოგიური გათხრებითა და სხვადასხვა ისტორიული კონტექსტის კვლევით დღესაც გრძელდება.