ეს ლამაზი ტურისტული მარშრუტი ოდესღაც ლეღვის ხეებით იყო დაფარული. ხევის ტერიტორიაზე პატარა მთის მდინარე - წავკისისწყალი მოედინება. აქვეა ჩანჩქერიც, რომელიც მილიონიანი ქალაქის ცენტრში ჩქეფს და თავისთავად უნიკალური მოვლენაა, ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ვიზიტორების ინტერესს იწვევს. ზაფხულობით, როცა მდინარეში წყალი იკლებს, ჩანჩქერი მშვიდი და სასიამოვნოა, გაზაფხულის წყალდიდობისას ქარიშხალს ემსგავსება, ზამთარში კი ყინულის მბზინავ სვეტად იქცევა. პირველი პარკი აქ, ახლანდელი ბოტანიკური პარკის ტერიტორიაზე, VII საუკუნეში შექმნილა არაბების მიერ და მათ ობსერვატორიაც კი ჰქონიათ. XIX საუკუნეში ეს ადგილი ოფიციალურად დარეგისტრირდა, როგორც ბოტანიკური პარკი და სხვა მსგავსი პარკების გაერთიანებას შეუერთდა. მოგვიანებით ამ ტერიტორიას წყალშემკრებად იყენებდნენ. 2012 წელს ლეღვთახევის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია განხორციელდა - ტერიტორია გაწმინდეს, აივნებიანი სახლები განაახლეს, მაქმანებიანი ხიდები და ვინტაჟური კიბეები ააგეს, სკამები დადგეს და კაფეები გახსნეს.
ლეღვთახევი სწრაფად იქცა თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილად. ღამით ხევის ტერიტორიაზე ფერადი განათება ირთვება, რაც იქაურობას ზღაპრულ იერს აძლევს.
ახლა ლეღვთახევად მოიხსენიება აბანოებიდან ჩანჩქერამდე ტერიტორია, მდინარე წავკისისწყლის ხეობის გარკვეული - ზედა ნაწილი კი ბოტანიკურ პარკს ეკუთვნის. აქ მოხვედრა მუნიციპალური ავტობუსითაც არის შესაძლებელი.