KA
Orbeliani Square

ორბელიანის მოედანი

„ორბელიანის მოედანი“ თბილისის ცენტრში, რეზო თაბუკაშვილის, ათონელის, ვეკუასა და ანტონ ფურცელაძის ქუჩებს შორის მდებარეობს. ადგილზე, სადაც ოდესღაც სოფლის ახალი პროდუქტებით ვაჭრობდნენ, მოედანი XIX საუკუნის პირველ ნახევარში გაჩნდა. 1828 წლიდან მას „ფოსტის მოედანი“ ერქვა, 1876-იდან 1903 წლამდე - „სალდათის ბაზარი“, მეოცე საუკუნის 30-იან წლებამდე კი „რუსის ბაზარს“ უწოდებდნენ.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

მოგვიანებით „რუსის ბაზრის“ ქვემოთ, ამჟამინდელი „კარფურის“ ადგილზე საკოლმეურნეო ბაზარი გაიხსნა და ამ ადგილს „კოლმეურნეობის მოედანი“ ეწოდა. კვირაობით აქ დიდი ბაზრობა იმართებოდა, ჯარისკაცებს გასაყიდად ფარაჯები, ჩექმები და სხვა ნივთები გამოჰქონდათ. ამბობენ, რომ თბილისში პირველი ნაძვის ხე სწორედ აქ გაიყიდა. დღეს ყოფილი ბაზრის ადგილზე ლამაზი ბაღი, შადრევანი, თანამედროვე სუპერმარკეტი და ულამაზესი ყვავილების პავილიონებია. 

მოედანს განსაკუთრებულ ხიბლს XIX-XX საუკუნეების არქიტექტურა სძენს. 2019 წელს „ორბელიანის მოედანზე“ ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოებისას 20 შენობა განახლდა, მათ შორის 13 კულტურული მემკვიდრეობის ობიექტია.  

„ორბელიანის მოედანზე“ მდებარეობს „ბაზარი ორბელიანზე“, რომელიც სხვადასხვა მიმართულების სამ სივრცეს აერთიანებს:  თანამედროვე ტიპის აგრარულ ბაზარს - აქ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის, ყვავილებისა თუ სუვენირების შეძენა შეგიძლიათ; კვების ობიექტებს, სადაც ქართული, ევროპული და აზიური სამზარეულოების კერძებს შემოგთავაზებენ და ტერასას, რომელიც განსაკუთრებით ზაფხულის დღეებში იდეალური ადგილია განტვირთვისთვის.

მოედნიდან რამდენიმე წუთის სავალზეა ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესია, 9 აპრილისა და გიორგი ლეონიძის ბაღები.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა