პარკში ორიგინალური ქანდაკებები და თანამედროვე არტობიექტები შეგხვდება: გიგანტური ფორტეპიანო, უზარმაზარი ჭადრაკის დაფა ერთმეტრიანი ფიგურებით, სცენა ამფითეატრით და სხვა. თუმცა პარკის მთავარი ღირსშესანიშნაობა „მშვიდობის ხიდი“ და „რიყის დოქებია“.
იტალიელი არქიტექტორის მიქელე დე ლუკის მიერ შექმნილი „მშვიდობის ხიდი“ რიყის პარკსა და ერეკლე II-ის ქუჩას ერთმანეთთან აკავშირებს. ის ღამით განსაკუთრებით ლამაზი სანახავია, როდესაც 50000-მდე დიოდური ნათურა ინთება. წელიწადის თბილ დროს რიყის პარკის მუსიკალური შადრევანი მნახველებს ულამაზეს სინათლის შოუებს სთავაზობს. აქვე ნახავ დავით მონავარდისაშვილის ათმეტრიან ლითონის მუხის ხეს, რომელზედაც უამრავი სიმბოლოა. ხის ტანზე შებმულია სხვადასხვა პერიოდის 25 ღუმლის კარი, რომლებიც ეპოქებს ასახავს.
პარკში გასართობს ყველა ასაკის ბავშვი მოძებნის, აქ უამრავი სათამაშო მოედანი და კაფეა.
ყოველი წლის ოქტომბერში რიყის პარკი თბილისობას მასპინძლობს. ესაა ქალაქის დღე, სადაც შეგიძლია ქართულ კულტურასა და შემოქმედებას გაეცნო, უგემრიელესი ქართული ღვინოები, პროდუქტები და კერძები დააგემოვნო.
რიყის პარკშია შშმ პირთათვის სრულად ადაპტირებული, „დოპლმაიერის“ მიერ აგებული საბაგირო გზის ქვედა სადგურიც, რომლითაც ნარიყალას ციხემდე და „ქართლის დედამდე“ მისვლა რამდენიმე წუთში შეიძლება. რიყე-ნარიყალას საბაგირო გზის სიგრძე 500 მეტრია და მისი გონდოლებიდან დედაქალაქის ულამაზესი ხედები იშლება.