საქართველო, როგორც ულამაზესი ბუნებისა და უძველესი კულტურის მქონე ქვეყანა, მთელი მსოფლიოდან სულ უფრო მეტ მოგზაურს იზიდავს. საქართველოს მიმართ ინტერესის ზრდას ქვეყანაში სასტუმროების ქსელის ზრდა მოჰყვა. 2016-2019 წლებში საქართველოში 335 ახალი სასტუმრო გაიხსნა. მათ შორის 26 საერთაშორისო ბრენდია.
დღეს ქვეყანაში მუშაობენ ისეთი ბრენდები, როგორებიცაა: Hilton, Marriott, Sheraton, Radisson და Hilton Garden Inn, Radisson Park Inn, Holiday Inn Express და სხვა. მარტო 2022 წელს თბილისსა და ბათუმში 7 ბრენდული სასტუმრო გაიხსნა, რომელთა ოთახების ჯამური რაოდენობა 986-ია.
საერთაშორისო ბრენდების პარალელურად საქართველოს ტერიტორიაზე ქართული სასტუმროების ქსელებიც ოპერირებს. მათ შორისაა: „ინნ ჯგუფი“ და „აჭარა ჯგუფი“, აგრეთვე, Paragraph Resort & Spa Shekvetili - ექსკლუზიური სასტუმროების საერთაშორისო კოლექციის Autograph-ის პირველი სასტუმრო საქართველოში.
სოფლისა და ეკოტურიზმით დაინტერესებული ადამიანებისთვის ფუნქციონირებს მცირე და საოჯახო ტიპის სასტუმროები, რომლებსაც ყველა საკურორტო ზონაში შეხვდები. საქართველო იდეალური ქვეყანაა როგორც მოკრძალებული შესაძლებლობების მქონე მოგზაურისთვის, ისე ოქროს საბანკო ბარათის მფლობელისთვის.
საერთაშორისო ქსელებისა და ავთენტიკური ქართული ბრენდების მიხედვით, 2022 წლის მონაცემებით, საქართველოში 1054 განსახლების ერთეულია, 26,897 ოთახი, 57,874 საწოლი. უმაღლეს დონეზეა დაცული უსაფრთხოების ზომები, რომლებიც თანამედროვე სტანდარტებსა და საერთაშორისო მოთხოვნებს შეესაბამება.
სასტუმროებში ნომრის დაჯავშნა შესაძლებელია როგორც სასტუმროებთან სატელეფონო კავშირის, ისე მისი ვებგვერდების, აგრეთვე, ისეთი ვებგვერდების საშუალებით, როგორებიცაა: Booking.com, Hotels.com და ა.შ.
ქართული სასტუმროების ინფრასტრუქტურა შესანიშნავ შესაძლებლობას ქმნის საერთაშორისო შეხვედრებისა და კონფერენციების მოსაწყობად. მათი მრავალფუნქციურობა, შიდა და გარე საგამოფენო სივრცეები, ტევადობა ამის დამადასტურებელია.
უფრო მეტს ამბობს იმ ღონისძიებების ჩამონათვალი, რომლებიც საქართველოში გამართულა. ასეთია: OSCE-ს საპარლამენტო ასამბლეა; NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა; RBRD-ის ყოველწლიური შეხვედრა; აბრეშუმის გზის ფორუმი; UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს შეხვედრა; ტურისტული გიდების მსოფლიო ფედერაციის მე-18 კონფერენცია 2019 წელს და სხვა.