KA

საქართველოს სამოქალაქო აეროპორტები

საქართველოში სამი საერთაშორისო და სამი ადგილობრივი მნიშვნელობის აეროპორტია. მათი ასაფრენი ბილიკებიდან ფრენები მსოფლიოსა და ქვეყნის სხვადასხვა მიმართულებით ხორციელდება. ავიაბილეთების დაჯავშნა შესაძლებელია ონლაინაც. ამ მიმართულებით მომუშავე ვებგვერდები მსურველებს 700-ზე მეტი ავიაკომპანიის ავიაბილეთებს სთავაზობენ.

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი (IATA: TBS; ICAO: UGTB) 

თბილისის აეროპორტი საერთაშორისო მნიშვნელობის აეროპორტია, რომელიც დედაქალაქიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 17 კილომეტრში მდებარეობს.

ქალაქიდან აეროპორტში მოხვედრა შესაძლებელია N337 მუნიციპალური ავტობუსითა და ტაქსით. ტაქსები აეროპორტის შესასვლელთან 24 საათის განმავლობაში მორიგეობენ.  

თბილისის აეროპორტიდან, პირდაპირი რეგულარული ან/და არარეგულარული რეისები 26 ქვეყნის მიმართულებით სრულდება, მათ შორის თურქეთის, საფრანგეთის, ავსტრიის, ბელგიის, გერმანიის, საბერძნეთის, გაერთიანებულ ემირატების, ისრაელის, იტალიის და სხვა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საინფორმაციო ბიურო გამგზავრებისა და ჩამოფრენის დარბაზებშია განთავსებული და 24 საათის განმავლობაში მუშაობს. 

მოქალაქეებს ინფორმაციის მიღება შემდეგ ნომრებზეც შეუძლიათ:

გაფრენის ტერმინალი: + 995 32 231 03 41

მოფრენის ტერმინალი: + 995 32 231 04 21

ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი  (BUS)

ბათუმის აეროპორტი ქალაქის სამხრეთით, ჭოროხის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს.

მგზავრს ბათუმის ცენტრიდან აეროპორტისკენ გამგზავრება N10 მუნიციპალური ავტობუსით შეუძლია. 

ბათუმის აეროპორტიდან საერთაშორისო ფრენები სტამბოლის, მინსკის და თელ-ავივის მიმართულებით ხორციელდება. არის, აგრეთვე, ადგილობრივი ფრენები თბილისის მიმართულებით.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის საინფორმაციო ბიურო გამგზავრების დარბაზში მდებარეობს. ტელ.: +995 422235100

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 

ქუთაისის აეროპორტი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მომსახურებითაა ცნობილი. აეროპორტი ქუთაისიდან დასავლეთით, 14 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. 

2014 წელს ქუთაისის აეროპორტი ევროპის მასშტაბით (4 მილიონზე ნაკლებ მგზავრთა კატეგორიაში), აეროპორტის მარკეტინგისა და ავიაკომპანიებთან მუშაობის მიმართულებით, 6 საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა. 

2021/22 წლებში მოხდა მისი მასშტაბური განახლება. აეროპორტს დაემატა სხვადასხვა ტიპის მაღაზიები, კაფეტერიები, გაფართოვდა დუტიფრი და მოეწყო პანორამული ტერასა.

ქუთაისის აეროპორტს ერთდროულად შეუძლია 1200 მგზავრი მიიღოს.

ქუთაისის აეროპორტიდან პირდაპირი რეისები შემდეგი მიმართულებით ხორციელდება: აბუ-დაბი, ათენი, ალმათი, აქთაუ, ბუდაპეშტი, კრაკოვი, გდანსკი, დორტმუნდი, ლარნაკა, მილანი, სალონიკი, ვილნიუსი, ლონდონი, ვარშავა, პარიზი, რომი, პრაღა, მოსკოვი, ბუქარესტი, ბარსელონა და სხვა.  არის ადგილობრივი ფრენებიც თბილისის მიმართულებით.

ფრენები ყოველდღიურად ხორციელდება და ღამის რეისებზე შეზღუდვები არ მოქმედებს.

ტელ: +995 555 397 387 (24/7)

მესტიის ადგილობრივი მნიშვნელობის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი 

მესტიის აეროპორტი დაბა მესტიაში, ზღვის დონიდან 1400 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ვებგვერდმა Novate-მა ის მსოფლიოს ყველაზე უჩვეულო აეროპორტთა ათეულში შეიყვანა და „პატარა ქართული სასწაული“ უწოდა. აეროპორტს უნიკალური არქიტექტურა აქვს - მისი ფორმები სვანურ კოშკებს წააგავს. 

ფრენები ნატახტრის  აეროპორტიდან მესტიის მიმართულებით და უკან, კვირა დღის გარდა, ყოველდღე ხორციელდება. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მესტიის მიმართულებით ფრენები კი კვირაში ერთხელ, ოთხშაბათობით სრულდება.

აეროპორტის მისამართია: მესტია, ა. ხერგიანის ქ. ტელ.: 248 73 00,  (591) 512 533.

ამბროლაურის ადგილობრივი მნიშვნელობის აეროპორტი

ის ქალაქ ამბროლაურში, ზღვის დონიდან 560 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. 

ნატახტრის აეროპორტიდან ამბროლაურის მიმართულებით ფრენები კვირაში ორჯერ – პარასკევს და კვირას სრულდება. ფრენები ვიზუალური ფრენის წესებით სრულდება და ფაქტობრივ ამინდზეა დამოკიდებული.

ტელ.: 599 26 36 14.

ნატახტრის ადგილობრივი მნიშვნელობის აეროპორტი 

ეს აეროპორტი საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნატახტარში მდებარეობს.

აეროდრომი 30-50-მგზავრიან თვითმფრინავებს ემსახურება. ნატახტრის აეროდრომიდან ფრენები ბათუმის, ქუთაისის, მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით სრულდება.

ტელეფონი: 599 65 90 99.

თელავის ადგილობრივი მნიშვნელობის აეროპორტი

აეროპორტი მეფე ერეკლე II-ის სახელს ატარებს და თელავიდან 2 კმ-ში მდებარეობს.

დღეს იგი სასწავლო აეროპორტია, თუმცა, შიდა ფრენების განახლებას აპირებს. 

აქ შესაძლებელია ფრენების განხორციელება ბათუმისა და მესტიის აეროპორტებიდან, 16-ადგილიანი თვითმფრინავით.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა