სწორედ აქ, ზემო სვანეთში, მესტიის ცენტრში დგას სეტის XVIII საუკუნის წმინდა გიორგის ეკლესია. X-XI საუკუნეებში ამ ადგილას სამონასტრო კომპლექსი ყოფილა და ამჟამინდელი ტაძარი ძველი, XI საუკუნის ტაძრის საძირკველზეა აგებული. ძველი ეკლესია ორსართულიანი ყოფილა. პირველ სართულზე ფრესკებით მოხატული ტაძარი იყო, მეორეზე კი წირვისთვის საჭირო ნივთებს ინახავდნენ. აქ ინახებოდა სეტის უძველესი რელიკვიაც - ზოომორფული დროშა.
„ლემი“ - ასე ეწოდებოდა ზოომორფულ დროშას, რომელსაც აბრეშუმის ქსოვილისგან კერავდნენ. მის ხის ტარზე ჩამოცმული იყო ვერცხლის, წმინდანების გამოსახულებითა და ასომთავრული წარწერებით დამშვენებული შუბისებრი თავი, რომელზედაც თვალებსა და ცხვირს სირმით აქარგავდნენ, ხოლო ყურებს აკერებდნენ. დროშას ვერცხლის ყბებს, კბილებსა და ენას ამაგრებდნენ. სწრაფად მოძრაობისას „ლემი“ ჰაერით ივსებოდა და ცხოველის ფორმას იღებდა. ის გაზაფხულის დღესასწაულზე - „ხალიშზე“ გამოჰქონდათ, თემის ღირსეული წარმომადგენლები კი ომიანობის დროს ლაშქარს ამ დროშით ხელში მიუძღოდნენ წინ.
სეტის ეკლესიაში აღმოჩენილია ჭედური ხატები, რომლებიც სვანეთში კარგად განვითარებული ოქრომჭედლობის არსებობას ადასტურებს. აქ ნაპოვნია XII-XIII საუკუნეების ღვთისმშობლის კარედი ხატი, საკურთხევლის წინამდებარე ჯვარი, XI საუკუნის პირველი ნახევრის წმინდა გიორგის ხატი და ჯვარი, რომელზედაც წმინდა გიორგის წამების ცხრავე სცენა საოცარი ოსტატობითაა შესრულებული.