KA

სვანეთობა

ჩვენს ქვეყანაში უამრავ საინტერესო, ისტორიულ თუ თანამედროვე ფესტივალს გადააწყდები და მათ შორისაა ფოლკლორული ფესტივალი „სვანეთობა“ - კიდევ ერთი შესანიშნავი მიზეზი იმისთვის, რომ საქართველოს მაღალმთიან მხარეს - სვანეთს ეწვიო და მის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს კიდევ უფრო ახლოდან გაეცნო.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
მესტია

როდის იმართება „სვანეთობა“?

ყოველწლიურ ფესტივალზე, რომელიც ზემო სვანეთში, მესტიაში ივლისის ბოლო შაბათ-კვირას იმართება, მრავალფეროვანი კულტურული, გასართობი და გასტრონომიული პროგრამა გელის, რომელიც ყველაზე პრეტენზიულ სტუმარსაც კი მოხიბლავს.

რას ნახავ „სვანეთობაზე“?

ფესტივალის ფარგლებში, მესტიის ცენტრალურ სკვერში - სეტის მოედანზე თითოეულ თემს მთელი დღის განმავლობაში წარმოდგენილი აქვს: ნახატები, ხალხური რეწვის ნიმუშები, ხის ნაკეთობები და, რა თქმა უნდა, უგემრიელესი ტრადიციული კერძები. 

ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეგიძლია ერთად თავმოყრილი ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრები დაათვალიერო, სვანური კუბდარი, ჭვიშტარი, თაშმიჯაბი და სხვა გემრიელი კერძები დააგემოვნო და სურნელოვანი სვანური მარილიც შეიძინო.

ფესტივალის ფარგლებში იმართება კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით და სპორტული შეჯიბრებები მკლავჭიდსა და ჭადრაკში. 

დღის ბოლოს ჟიური საუკეთესო ხელნაკეთი ნივთის, საუკეთესო ხის ნაკეთობის ავტორებს, საუკეთესოდ გაწყობილ მაგიდას, საუკეთესო მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ნომერს გამოავლენს. 

სპეციალურად ბავშვებისთვის ფესტივალზე გასართობი სივრცეები ეწყობა  და ღონისძიება საზეიმო ფეიერვერკით სრულდება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა