ეკლესიის შიდა კედლებზე პირველი - შავ-თეთრი მხატვრობა X საუკუნისაა, მეორე - ფერადი, XI-XII საუკუნეების. მხატვარი საერო პირი ყოფილა - შალვა ქირქიშლიანი, რომლის პორტრეტსაც ეკლესიის ჩრდილოეთ კედელზე ნახავ. უნიკალურია ეკლესიის გარე მხატვრობაც.
ეკლესიაში დასავლეთიდან შესასვლელი ჩუქურთმებიანი ხის კარი ქართული ხეზე კვეთის ხელოვნების ერთ-ერთი შესანიშნავი ნიმუშია. ხეზე ასომთავრული წარწერაა: „წმინდაო გიორგი, მეოხ ეყავ წინაშე ღვთისა სულისა გაბოისა, ამინ“.
ეკლესიაში დაცულია უნიკალური ხატები და ჯვრები ქტიტორული წარწერებით. ერთ-ერთი გამორჩეული სიწმინდეა სვანეთის ხევის დროშის ტარი. სწორედ ეს იყო ის უნიკალური დროშა, რომელიც სვანეთის ლაშქარს დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის დროს ბრძოლაში მიუძღოდა.
ეკლესიაში ფარის თემის მფარველი წმინდა გიორგის ოქროს ხატიც ინახება, რომელიც, გადმოცემის თანახმად, სასწაულმოქმედია. ადგილობრივები სწორედ ამ ხატთან წყვეტდნენ მნიშვნელოვან საქმეებს და ამბობენ, რომ აქ მოსისხლე მტრებიც კი რიგდებოდნენ.