სოფელი ბაგვდანარი, საიდანაც მარშრუტს დაიწყებ, მესტიის მუნიციპალიტეტში, ბეჩოს თემში მდებარეობს. ის მდინარე დოლრის ხეობაშია, ზღვის დონიდან 1660 მეტრ სიმაღლეზე. სოფელი მესტიის ცენტრიდან 25 კილომეტრშია და მისგან უშბის ულამაზესი ხედები იშლება.
მარშრუტი იწყება სოფელ ბაგვდანარში, ზღვის დონიდან 1600 მეტრ სიმაღლეზე. თავდაპირველად სამარხილე გზას მიუყვები ტყეში, იქიდან ალპურ ზონაში გადადიხარ და შემდეგ უკვე დანიშნულების წერტილისკენ - მთა მეშხულდისკენ მიემართები. მეშხულდის მთა მაზერის მთასა და გულის მთას შორის მდებარეობს.
ზღვის დონიდან 2600 მეტრ სიმაღლეს რომ მიაღწევ, იმავე ტრაექტორიით დაიწყებ დაშვებას. ამ ადგილიდან ძალიან კარგად ჩანს უშბის მასივის მწვერვალები, მწვერვალი ლაილა და სვანეთის ქედის დიდი ნაწილი. სრიალს სოფელ ბაგვდანარში დაასრულებ.
ასავლელი ვერტიკალი 1000 მეტრია.
მარშრუტის სასტარტო ადგილამდე მისვლა შესაძლებელია მაღალი გამავლობის ავტომობილით.
აუცილებელი აღჭურვილობაა: სკიტურის თხილამურები, საზვავო უსაფრთხოების ჩანთა, საზვავო გადამცემი, ნიჩაბი, ზონდი და სხვა საჭირო ნივთები.
მარშრუტზე წასასვლელად შეგიძლია მესტიაში არსებულ სასტუმროებში ან სოფელ ბეჩოში მდებარე საოჯახო სასტუმროებში დაბინავდე.