KA

სკიტური: ეცერი - დეცილის მთა

დეცილის მთისკენ სკიტურის ორი მარშრუტი მიდის, ერთი - ეცერის თემიდან, მეორე - სოფელ მაზერიდან. ამ მარშრუტებზე წასასვლელად გაუკვალავ თოვლში სრიალის კარგი გამოცდილებაა საჭირო. თუმცა ბევრი ნიუანსის გათვალისწინებით, რომლებიც ადგილობრივ გარემოს ახასიათებს, ეცერის სკიტური როგორც გამოცდილმა, ისე დამწყებმა მოთხილამურეებმა სერტიფიცირებულ გამყოლთან ერთად უნდა დაგეგმონ. 
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
მესტია

ადგილმდებარეობა

ეცერის თემი მესტიის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1550 მეტრ სიმაღლეზე, მწვერვალ სგიმზგაარის ძირში მდებარეობს. თემი 14 სოფელს აერთიანებს.

ეცერი მნიშვნელოვანი ერთეული იყო სვანეთის კულტურულ და ისტორიულ ცხოვრებაში. აქ დღემდეა შემორჩენილი უძველესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, მათ შორის, დადეშქელიანების გალავნიანი კოშკი. 

მარშრუტი

მარშრუტი იწყება ეცერის სამანქანო გზის დასასრულთან და ჩრდილოეთ ქედის გავლით მწვერვალ დეცილისკენ მიემართება, რომელიც ეცერსა და სოფელ ბეჩოს შორის მდებარეობს. 

მწვერვალის სიმაღლე 2560 მეტრია, ასავლელი ვერტიკალი - 1010 მეტრი. მთის წვერიდან კარგად ჩანს უშბის მასივის მწვერვალები და სვანეთის ქედის დიდი ნაწილი.

მთიდან იმავე გზით ვეშვებით, რომლითაც ზევით ავედით. სრიალს ეცერში ვასრულებთ. 

რა უნდა გაითვალისწინო 

აღნიშნული მარშრუტისთვის შეგიძლია ოთახი მესტიაში არსებულ სასტუმროებში ან სოფელ ეცერში მდებარე საოჯახო სასტუმროებში დაჯავშნო.  

სასტარტო ადგილას მისვლა მაღალი გამავლობის ავტომობილით არის შესაძლებელი. 

გარდა იმისა, რომ გამოცდილი გამყოლი უნდა გაიყოლო, აუცილებელია გქონდეს სრულყოფილი აღჭურვილობა: სპეციალური თხილამურები, საზვავო ჩანთა, გადამცემი, ნიჩაბი, ზონდი და სხვა საჭირო ნივთები.

თუკი დამატებითი ფიზიკური მომზადება გესაჭიროება, ადგილობრივი სერტიფიცირებული სპეციალისტები ამაშიც დაგეხმარებიან.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა