ცისფერმაქმანიანი სახლები ფუნჯით მოხატული დარაბებით, ფერად-ფერადი ძაფებით ნაქარგ სამოსში გამოწყობილი ქალები, ნაქარგი სუფრები და ხელსახოცები, მაღალ ელექტრობოძებზე ლაკლაკების ბუდეები და ირგვლივ სრული ჰარმონია - ეს გორელოვკის ერთი შეხედვით ყოფითი სურათია, რაც აქ მოხვედრილ სტუმრებს დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით ავსებს.
XIX საუკუნემდე გორელოვკაში სომხური დასახლება იყო - ბუდაღაშენი. 1841 წელს კი ამ ტერიტორიაზე რუსეთიდან ახალი რელიგიური მიმდინარეობის აღმსარებლები დუხობორები ( Духоборы) გადმოასახლეს, რომლებმაც მეფის რუსეთის წინააღმდეგ პროტესტი გამოხატეს და იარაღი დაწვეს.
გადმოსახლებული დუხობორები (ანუ „სულისათვის მებრძოლნი“) მალევე შეეჩვივნენ გარემოს, მისდევდნენ მესაქონლეობასა და მეფრინველეობას. მათ საკუთარი კულტურა ჩამოიტანეს და სახლებიც თავიანთ წესზე მოაწყვეს. სახელი გორელოვკაც ამ ადგილს თავად შეურჩიეს. ეზოებში კი ცირცელი და არყის ხეები დარგეს, როგორც ისტორიული სამშობლოს სიმბოლო. მათ ობოლთა სახლიც ააშენეს, სადაც ახლა მუზეუმია.
გორელოვკელები დუხობორები არიან და მკაცრად იცავენ ამ რელიგიური მიმდინარეობის მოთხოვნებს. 1978 წელს გორელოვკაში 3000 დუხობორი ცხოვრობდა, ახლა კი სოფელი თანდათან იცლება - ყველა ცდილობს, ისტორიულ სამშობლოს დაუბრუნდეს.