KA

ასურეთი

საქართველოში მოგზაურობისას პატარა გერმანიის მონახულებაც შეგიძლია, ამისთვის სოფელ ასურეთს უნდა ესტუმრო, რომელიც თეთრიწყაროში, მდინარე ასურეთისხევის მარჯვენა ნაპირზეა გაშენებული.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
0:50 სთ
ბათუმი
6:15 სთ
ქუთაისი
4:00 სთ

ასურეთის ისტორია

ასურეთი ძველი ქართული სოფელი იყო, თუმცა მტრის გამუდმებული შემოსევების გამო დაცარიელდა. რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე I-ის გადაწყვეტილებით, 1818 წელს აქ გერმანელი კოლონისტები ჩამოასახლეს. გერმანელებმა ნანგრევებიდან ახალი სოფელი ააშენეს და წმინდა ელისაბედის ხსენების დღეს ოფიციალურად გახსნეს. გერმანულ დასახლებას ელიზაბეტთალი, ანუ ელიზაბეტის ხეობა ეწოდა. გერმანელები მიწათმოქმედებასა და მეცხოველეობას მისდევდნენ და მალევე ელიზაბეტთალი სამეურნეო თვალსაზრისით მოწინავე დასახლება გახდა. 

ასურეთული შალა

გერმანელი გლეხის ოტო შალის სახელს უკავშირდება ვაზის სელექციური ჯიშის - ასურეთული შალას შექმნა, რომლის განსაკუთრებული გემო და არომატი ბაზარზე დიდი მოწონებით სარგებლობდა. ვენახები სოფელთან ახლოს, მდინარე ალგეთის ნაპირას ჰქონდათ გაშენებული. შუაგულ ვენახში 1931 წელს გერმანული არქიტექტურით სამსართულიანი მარანი ააშენეს, იქვე იწურებოდა ღვინოც. გერმანელების მიერ წარმოებული ღვინო „შალა“ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ერევანსა და ბაქოშიც იყიდებოდა. 

კოლონისტების შვილები სკოლაში ქართულ ენაზე სწავლობდნენ, გერმანული კი მხოლოდ უცხო ენად ისწავლებოდა. ასურელი გერმანელები 1941 წელს, კომუნისტებმა, შუა აზიაში გადაასახლეს და დღეს აქ რამდენიმე ოჯახის შთამომავალია დარჩენილი. თეთრი ქვითა და თიხით ლურსმნების გარეშე ნაშენი ერთნაირი სახლები, ქუჩის ბოლოს კი გოტიკურ სტილში 1871 წელს აგებული ლუთერანული ეკლესია - დღეს ასე გამოიყურება ელიზაბეტთალი-ასურეთი. 

სოფელში გერმანულ სასაფლაოსაც შეხვდები. საფლავის ქვებზე ამოტვიფრული გვარები გერმანიის სხვადასხვა მხრიდანაა. 

როგორ შეძლო და დაიტია პატარა ასურეთმა ამხელა გერმანია? - ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად სწორედ ასურეთს უნდა ეწვიო. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა