მდინარე პირიქითის ალაზნის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე ზღაპრული სანახაობა გელოდება. მკაცრი კლიმატის გამო სოფელი დიდი ხნის განმავლობაში დაცლილი იყო. მხოლოდ ზაფხულობით თუ ამოდიოდნენ ბარში გადახიზნული დართლოელები. შემდეგ ინფრასტრუქტურა განვითარდა, აღადგინეს სახლები, მოეწყო საოჯახო სასტუმროები და ახლა დართლოს ყოველწლიურად უამრავი ადამიანი სტუმრობს.
იშვიათად მოიძებნება სოფელი, სადაც ასეთ პატარა ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ამდენი ძეგლია შემონახული - დართლოს აკლდამები, იახსარის ხატი, დართლოს კოშკი და სამაროვნები, დართლოს საქვაბე, იდოიძეების გვარის საცხოვრებელი კომპლექსი, ციხე-სახლები, მარიამწმინდის თუ მაღალოელის სალოცავი, XIX საუკუნის დარბაზული ეკლესია.
აქვეა დართლოს საბჭეო, ანუ სასამართლო, რომლის შექმნას XVl საუკუნეში ვარაუდობენ;
სასამართლო სოფლის ბოლოში იმართებოდა. იქ დღესაც დგას 12 ქვის სკამი მსაჯულებისთვის და ყველაზე მაღალზურგიანი „სავარძელი“ - მთავარი მოსამართლისთვის.
დართლოს სასამართლოს XVIII საუკუნეში 10 წლის განმავლობაში ქალი თავმჯდომარეობდა, რომელიც თავისი მჭევრმეტყველებითა და გონიერებით იყო განთქმული.
ამ სასამართლოს სასიკვდილო განაჩენი არასდროს გამოჰქონდა. ყველაზე მძიმე სასჯელი სოფლიდან განდევნა იყო. თუმცა დასჯილს უფლება ეძლეოდა, წლების შემდეგ სოფლისთვის დაბრუნების თხოვნით მიემართა.
სოფელში აკლდამებსა და შუა საუკუნეების კოშკებზე დაფიქსირებულია პეტროგლიფები. ეს ასტრალური შინაარსის გამოსახულებები, როგორც მკვლევრები ამბობენ, თუშების უძველეს რწმენა-წარმოდგენებს უკავშირდება.