KA

ვარციხე

თუ პირველ საუკუნეებში მოგზაურობა გსურს, მაშინ იმერეთში, სამი მდინარის - რიონის, ყვირილისა და ხანისწყლის შესართავთან გაშენებულ სოფელ ვარციხეში უნდა წახვიდე. ეს არის ქუთაისიდან სულ რაღაც 9 კმ-ში მდებარე ანტიკური ნაქალაქარი, რომლის არქეოლოგიური გათხრებითაც დასტურდება, რომ უძველესი ქართული სამეფო - ეგრისი სწორედ იმერეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
3:40 სთ
ბათუმი
2:25 სთ
ქუთაისი
0:25 სთ

ვარციხე, ანუ როდოპოლისი

ვარციხის ისტორიული სახელწოდება, ბერძნული წყაროების მიხედვით, „როდოპოლისი“, ანუ „ვარდციხეა“. როდოპოლისი პირველად VI საუკუნის ბიზანტიურ წყაროებში იხსენიება. 

ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ვარციხეს დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. იმხანად აქ გადიოდა მნიშვნელოვანი საერთაშორისო სავაჭრო გზები - ინდოეთიდან მომავალი „დიდი წყლის გზა“ და ჩრდილოეთიდან მომავალი სახმელეთო გზა.  

სწორედ ვარციხეშია შემორჩენილი ანტიკური ხანის ციხე-ქალაქის ნანგრევები, სწორედ აქ ნახავ პირველი საუკუნეების ადამიანების ხელით ნაშენებ კედლებს, თიხისგან გამოძერწილ ჭურჭელსა და რკინისგან გამობრძმედილ საბრძოლო იარაღს. 

ვარციხის ციხე 

ვარციხის ახლოს მდებარეობს ძელქვის უნიკალური კორომი, რომლის შუაგულშიც სასახლე იყო აგებული. არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა IV-V საუკუნეების კოშკებიანი გალავნით გარშემორტყმული ციხე-ქალაქის კომპლექსის დიდი ნაწილი. 

ნაქალაქარის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ძლიერ დაზიანებული თავდაცვითი ნაგებობები - სამი პერიოდის ზღუდეები. პირველი ზღუდე ნაგებია ქვითა და კირქვით, დათარიღებულია ახ.წ. IV-V საუკუნეებით. 

ციხე-ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ძველი გალავნის წყობა და მასთან მიშენებული საცხოვრებელი კოშკის ნანგრევებია, რომელიც მეორე საცხოვრებელ კოშკს დიდი გალავნით უკავშირდება. გალავანში დატანებულია ყრუ კოშკები. ციხის ჩრდილოეთ ნაწილში ორი სხვადასხვა პერიოდის ეკლესია მდებარეობს.

ვარციხე ქართველი მეფეების საზაფხულო რეზიდენციაც გახლდათ. აქ ისინი ახლოს მდებარე აჯამეთის ტყეში ნადირობით იქცევდნენ თავს.  

ვარციხე, იგივე ანტიკური როდოპოლისი, გვამცნობს, როგორი განვითარებული ყოფილა  ქართული სახელმწიფო - ეგრისი, რომელსაც უდიდესი გეოპოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მნიშვნელობა ჰქონდა იმ პერიოდის მსოფლიოს რუკაზე. 

დღეს ვარციხესთან მდებარე აჯამეთის ტყე დაცული ტერიტორიაა, ხოლო აქ გავრცელებული იმერული ჯიშის მუხის და ძელქვის კორომები საქართველოს წითელ ნუსხაშია შესული. აღკვეთილი შეგიძლიათ, მონიშნული სალაშქრო ბილიკებით მოიაროთ და შემდეგ ტყეში მოწყობილ საპიკნიკე სივრცეებში დაისვენოთ.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა