KA

კუმისი

ქვემო ქართლი მდიდარი კულტურის მქონე მხარეა. აქ მრავლად შეხვდები არქეოლოგიურ ძეგლებს, ეკლესია-მონასტრებსა და ციხესიმაგრეებს. ერთ-ერთი საინტერესო სოფელი, რომელსაც აქ მოგზაურობისას შეგიძლია ესტუმრო, კუმისია. სოფელი გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და აქ 2 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
0:40 სთ
ბათუმი
6:00 სთ
ქუთაისი
3:45 სთ

სოფელ კუმისის ისტორია

კუმისი ისტორიულ წყაროებში XV საუკუნიდან მოიხსენიება. თავად სოფელში კი ყველაზე ძველი ძეგლი XVIII საუკუნის სამების დარბაზული ეკლესიაა, რომელიც ჯერ კიდევ VII საუკუნის ტაძრის ადგილას აუშენებიათ. დღეს ძეგლი საკმაოდ სახეცვლილია – 1968 წელს, საბჭოთა პერიოდში, ეკლესია დაწვეს და მხოლოდ სსრკ-ის დაშლის შემდეგ, 1996 წელს მოხერხდა მისი აღდგენა - ტაძარი მოიხატა, ხოლო ეზოში სამონასტრო ნაგებობები და სამრეკლო აშენდა.

ეკლესიაში ამ მხარის თავადების - ფალავანდიშვილებისა და ორბელიანების საფლავებსაც შეხვდები.

სოფელ კუმისის ტერიტორიაზე მდებარეობს XVII-XVIII საუკუნეების წმ. გიორგის ტაძარიც;  

სოფელი კუმისი დღეს

ამჟამად კუმისი ხელოვნური ტბით არის ცნობილი, რომელიც სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთითაა და ქართველი მეთევზეების საყვარელი ადგილია. 

ამ ტბაში ბევრ თევზს შეხვდები, მათ შორისაა: სქელშუბლა (Hypophthalmichthys), სარკისებრი კობრი (Mirror carp), თეთრი ამური (Ctenopharyngodon idella), ხრამული (Capoeta sieboldii), წვერა (Barbus), ჭანარი (Barbus capito) და სხვა. სანაპირო კი თითქმის მთლიანად მცენარეულობითაა გარშემორტყმული. ხელოვნურ წყალსაცავს მდინარე მტკვრის წყლით ავსებენ. 

კუმისის ტბაზე, რომელსაც ჩრდილო-დასავლეთიდან თრიალეთის ქედის აღმოსავლეთი ნაწილი გადმოჰყურებს, ფრინველებზე დაკვირვებასაც შეძლებ, ნაპირებზე კი ხმელთაშუა ზღვის კუ (Testudo graeca) და ჭაობის კუ (Emys orbicularis) ბინადრობენ.

კუმისის სამკურნალო ტალახი

კუმისი თბილისთან საკმაოდ ახლოსაა და შეგიძლია, ამ მიმართულებით ერთდღიანი გასეირნება მოაწყო. აქ ტბის ფსკერი ლამოვანი ტალახით არის დაფარული, რომელსაც სამკურნალო თვისებები აქვს. ამის გამო კუმისის ტალახი თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტსა და სხვა სამკურნალო დაწესებულებებში ჩააქვთ.

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა