მართლაც, მანავში საუკეთესო პირობებია სოფლის მეურნეობის და, მათ შორის, მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებისთვის. მანავი კახეთის სამეფოს არსებობის დროს, XV-XVIII საუკუნეებში, ძირითადად სამეფო მამული იყო. ამ სოფელში ზაფხულობით მეფის ოჯახი ცხოვრობდა. აქ გადაუხდიათ ქორწილი მეფის ერეკლე II-ის მშობლებს, მეფე თეიმურაზსა და დედოფალ თამარს.
სოფელში შეგიძლიათ მოინახულოთ მანავის ციხე, რომელიც საკმაოდ კარგად არის შემონახული. ისტორიკოსების ვარაუდით, ციხის ძველი ფენა X-XI საუკუნეებისაა, ახალი კი XVI-XVIII საუკუნეებით თარიღდება. ციხის აშენებას კახეთის ერისმთავარ კვირიკე III-ს უკავშირებენ.
სოფლის ტერიტორიაზე არაერთი ღვინის მარანი და სასტუმრო შეგხვდება, სადაც კომფორტულად დაისვენებ, ქართულ სამზარეულოსა და ქართულ ღვინოს დააგემოვნებ.
ამასთანავე, მანავი მნიშვნელოვანი ტურისტული მარშრუტების გზაჯვარედინზე მდებარეობს: მანავიდან 20 კმ-ია დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსამდე, 50 კმ - „სიყვარულის ქალაქ“ სიღნაღამდე, 90 კმ კი - ლაგოდეხის ეროვნული პარკი.