მრავალძალის წმინდა გიორგის ტაძარი X საუკუნეში აუშენებიათ. ის განუმეორებელი ბარელიეფებით მდიდარი, დარბაზული ტიპის ნაგებობაა. ცნობილია, რომ მასში ჯალალედინის მუზარადი და შაჰ აბას I-ის ხმალი იყო დაცული.
გადმოცემის თანახმად, წმინდა გიორგის სასწაულმოქმედ ეკლესიას უხსნია რაჭა ოსმალების აოხრებისგან. როდესაც ჯარი სოფელს მიახლოებია, დაბნელებულა და არემარეს ნისლი გადაჰფარებია. მტერი თურმე ვეღარაფერს ხედავდა და სოფელზე სარტყელივით შემორტყმული ჭოლევის კლდიდან ცვიოდა.
შეშინებულ მომხდურებს ლოცვა დაუწყიათ, რის შემდეგაც ნისლი გაფანტულა და შორიახლოს წმინდა გიორგის ტაძარიც გამოჩენილა. ოსმალეთის ჯარი ტაძარს მისდგომია, ულოცია და შეუთხოვია, - უფრო მეტად დაგვიმტკიცე შენი ძლიერება, ეკლესიასთან ამ მიდამოებში ყველაზე დიდი ხარი და ძროხა მოგვადენინე და აღთქმას დავდებთ, სადამდეც შენი ზარის ხმა მიაღწევს, იქ ჩიტსაც არ ავაფრენთო.
სასწაული კიდევ ერთხელ აღსრულებულა - შევედრებული რქოსანი პირუტყვი თავისით მისულა ტაძართან და ოსმალებს დასაკლავად ადვილად დანებებია. პასუხად მათ დაკლული ძროხისა და ხარის მარჯვენა რქები თურმე ვერცხლით შეაჭედინეს და ეკლესიას შესწირეს. ეს რქები დღემდე ტაძარში ინახება.
ოსმალეთის ჯარმა ეკლესიას „მრავალძალი“, ანუ „მრავალძლიერი“ უწოდა და სოფელსაც სწორედ ეს სახელი დარქმევია. მათ პირობაც შეუსრულებიათ - რაჭისკენ აღარასოდეს გამოულაშქრიათ.
მრავალძალში გულის ფორმის ტბაა, რომელსაც სიყვარულის ტბას ეძახიან.
ტყიან მთებს შორის მოქცეული მწვანე ფერის ტბა თავად ხომ არაჩვეულებრივი სანახავია და ირგვლივაც უმშვენიერესი ხედები აქვს. თუ ხიხათის მთაზე ახვალ, რაჭის პეიზაჟების ვრცელი პანორამებითაც დატკბები.
ტბის გარშემო ტყესა და მინდვრებზე პიკნიკის მოწყობა და დაბანაკებაც შეიძლება.