ნიქოზი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ის შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე დიდი ლიახვის მარჯვენა მხარესაა მოქცეული და დედაქალაქამდე საათ-ნახევრის გზა აშორებს.
ნიქოზის შესახებ არაერთი ისტორიული წყარო გვიამბობს, ამ ადგილის გამორჩეული კულტურის დასტურად კი მრავალი არქეოლოგიური ნიმუშია აღმოჩენილი, მათ შორის, ბრინჯაოს სამაჯურები, რომლებიც გვიანი ბრინჯაოსა და ადრე რკინის ხანას განეკუთვნება. ამ ტერიტორიაზე, აგრეთვე, მიაკვლიეს ბრინჯაოს ფირფიტას წმინდანის გამოსახულებით, რომელიც გვიანი შუა საუკუნეების ეპოქაშია შექმნილი.
მეხუთე საუკუნეში ვახტანგ გორგასალს ნიქოზში აუშენებია ღვთაების ეკლესია, რომლის საძირკვლებზე დღესაც დგას ეროვნული მნიშვნელობის კულტურული ძეგლი — ჯვარგუმბათოვანი ტაძარი.
ნიქოზში რამდენიმე ეკლესია დაგხვდება: ზემო ნიქოზის მთავარანგელოზის ეკლესია, ზემო ნიქოზის ღვთაების ეკლესია, ქვემო ნიქოზის კვირაცხოვლის ეკლესია და ქვემო ნიქოზის წმინდა გიორგის ეკლესია.
მთავარანგელოზის ეკლესია X საუკუნით დათარიღებული ძეგლია. ჯვარგუმბათოვანი ეკლესია ნატეხი ქვითაა აგებული და 2006 წლიდან ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსს ატარებს.
ღვთაების საეკლესიო კომპლექსი ზემო ნიქოზის ცენტრში მდებარეობს და სხვადასხვა დროის ოთხ ნაგებობას - ღვთაების ეკლესიას, სამრეკლოს, ეპისკოპოსის სასახლესა და გალავანს აერთიანებს. მისი პირველი სამშენებლო ფენა V-VI საუკუნეებითაა დათარიღებული და ის სამნავიანი ბაზილიკა იყო, თუმცა სხვადასხვა დროს რამდენჯერმე გადააკეთეს.
ქვემო ნიქოზის კვირაცხოვლის ეკლესია გვიანდელი ფეოდალური ხანის ძეგლია. დარბაზული ტიპის ეკლესია, რომელიც რიყისა და ტუფის ქვითაა ნაგები, ამჟამად ძლიერ დაზიანებულია. ამავე პერიოდს მიეკუთვნება წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც ასევე დაზიანებულია.