KA

ჭობარეთი

საქართველოს ტერიტორიაზე უამრავ გასაოცარ ადგილს შეხვდები, თუმცა ეს ისტორიული სოფელი განსაკუთრებით საინტერესოა - თავისი მესხური ოდებით, 3500-3000 წლის წი­ნან­დე­ლი ნა­სახ­ლა­რით, უნიკალური მესხური სამზარეულოთი და სევდიანი ლეგენდებითაც კი.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
3:40 სთ
ბათუმი
5:40 სთ
ქუთაისი
3:55 სთ

სად მდებარეობს ჭობარეთი?

ჭობარეთი ასპინძის რაიონში, ერუშეთის ქედის ჩრდილოეთით 1440 მ სიმაღლეზე მდებარეობს და ის ჭობარეთისწყლის ორივე ნაპირზეა გაშენებული.

ამ სოფელში შთამბეჭდავია მესხური ბანიანი სახლები, რომლებიც თითქმის 3 საუკუნისაა და არქიტექტურულად თანამედროვე სახლებისგან მკვეთრად განსხვავდება. ძველ დროში საქართველოში მტერი სამხრეთიდან პირველად სამცხე-ჯავახეთში შემოდიოდა, ამიტომ ამ რეგიონში საცხოვრებელს ისე აშენებდნენ, რომ შეუმჩნეველი ყოფილიყო - სახლები ერთმანეთის გვერდით, ნახევრად მიწაში დგას. ადრე სახლებს თავისი სამალავი გვირაბებიც ჰქონია, რომლითაც სოფლის მოსახლეობა ომიანობის დროს ერთმანეთს ეკონტაქტებოდა.

ჭობარეთში სტუმრობისას აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ მესხური კერძები: მესხური ხაჭაპური, ქადა, აპოხტის ხინკალი და, რა თქმა უნდა, უნიკალური ტენილი ყველი, რომელიც დღემდე მხოლოდ გლეხური წესით მზადდება, არაჩვეულებრივი გემო აქვს და მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება.

სოფელ ჭობარეთის ისტორია

ეს ტერიტორია ჯერ კიდევ ძვ.წ. IV ათასწლეულში ყოფილა დასახლებული. ამ დროს აქ მეურნეობაც ჰქონდათ განვითარებული, რაზედაც არქეოლოგიური მასალები მეტყველებს. 

ჭობარეთში აღმოჩენილია ადრე ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი, რომელიც სიგრძეში 300 მეტრს და სიგანეში 150 მეტრს აღწევდა. ასეთი მასშტაბის მიხედვით, ეს ყოფილა იმ დროისთვის ერთ-ერთი  დიდი დასახლება არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ მთელ წინა აზიაშიც კი. 

ჭობარეთის ნამოსახლარზე ადრე ბრინჯაოს ხანის ფენებში ნაპოვნია ქვის საბეჭდი, რომელიც მესოპოტამიიდან უნდა იყოს შემოტანილი, 4 სახეობის ხორბალი, დიდი რაოდენობის, მრავალფეროვანი თიხის ჭურჭელი, ქვის ხელსაფქვავები და ლითონის ჩამოსასხმელი თიხის ყალიბი. ასევე, აქ მიკვლეულია სამარხები, სადაც მიცვალებულები დაკრძალულნი არიან  ხელფეხმოკეცილები - ემბრიონივით, რაც ბრინჯაოს ხანაში გავრცელებული დაკრძალვის წესი იყო. 

სოფელში უძველესი ნაეკლესიარებია შემორჩენილი - ადრეული შუა საუკუნეების ჭობარეთის ეკლესია, განვითარებული შუა საუკუნეების მაჭიხეთის ეკლესია და გარდამავალი ხანის კვირაცხოვლის ეკლესია.  

სოფელ ჭობარეთის ლეგენდა

სოფლის განაპირას დიდი ზომის, ნახევრად დახრილი ქვის სვეტი დგას. სწორედ მას უკავშირდება სოფლის უამრავი ლეგენდიდან  ერთ-ერთი: მტრის შემოსევის დროს ერთმა ქალმა დამალვა ვერ მოასწრო და უფალს სთხოვა, ტყვედ ჩავარდნას მირჩევნია, სვეტად ვიქცეო. ღმერთმა ქალს სურვილი შეუსრულა და ქვის სვეტად აქცია. Ამ პატარა, სევდიან ლეგენდაში კარგად ჩანს სამცხე-ჯავახეთის წარსულიც და აქ მცხოვრები ხალხის მამაცი ხასიათიც.  

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა