KA

ხიდიკარი

რაჭის ერთ-ერთი გამორჩეული ბალნეოლოგიური კურორტი ხიდიკარი ოცდახუთზე მეტი სახეობის სამკურნალო-მინერალური და გოგირდოვანი წყაროს, შუა საუკუნეების არქიტექტურული ძეგლების, ალპური ბუნებისა და მსოფლიოში უნიკალური ვაზის ჯიშისგან დაწურული ღვინის სამშობლოა.

კურორტი ხიდიკარი

ხიდიკარი ამბროლაურიდან 4 კმ-ში, ზღვის დონიდან 680 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. მისი სამკურნალო მინერალური და გოგირდოვანი წყაროები ნიადაგიდან მოედინება და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი გზების, მათ შორის - პნევმონიის, ნერვული სისტემის ფუნქციურ დაავადებებს კურნავს. ამისთვის კურორტი მინერალური წყლის აბაზანებსა და პასიურ კლიმატოთერაპიას შემოგთავაზებს. 

ხიდიკარის ღირსშესანიშნაობები

ხიდიკარში ბევრი ისტორიული ძეგლია. მათ შორისაა X საუკუნის წმინდა გიორგის დარბაზული ეკლესია, მხარის თავადების გვიანდელი შუა საუკუნეების „წულუკიძის კოშკის“ ნანგრევები და სხვა. 

აუცილებლად უნდა მოინახულო სოფლის შესასვლელთან, რიონის ხეობის კლდეებს შორის მდგარი ხიდიკარის შუა საუკუნეების ციხესიმაგრე. ეს ციხე საუკუნეების განმავლობაში აღმოსავლეთის მხრიდან იცავდა რაჭის ერისთავთა ბარაკონის რეზიდენციას, რომელსაც მეორე მხრიდან მინდას ციხე ედგა დარაჯად. ციხეებს სასიგნალო, თავდაცვითი და სათვალთვალო ფუნქცია ჰქონდა.

განსაკუთრებული რაჭული ღვინოები

ხიდიკარში მრავლადაა საოჯახო ტიპის კომფორტული სასტუმრო, სადაც უგემრიელესი რაჭული ტრადიციული კერძებით - ლობიოთი, ლობიანით, ლორით და რაც მთავარია, მხოლოდ რაჭაში მოყვანილი უნიკალური ჯიშის ვაზისგან დაწურული ღვინით გაგიმასპინძლდებიან.   

ამბროლაური ქართული ღვინოებიდან ერთ-ერთი გამორჩეული ღვინის - ხვანჭკარის მიკროზონაა. ხვანჭკარა ყურძნის ორი ქართული ჯიშის - ალექსანდროულისა და მუჯურეთულისგან მზადდება და არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. 

ერთი ჭიქა ხავერდოვანი, მოტკბო, ლალისფერი ხვანჭკარა ხიდიკარში გატარებული ნებისმიერი დღის მშვენიერი დაბოლოება იქნება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა