KA
Timotesubani Monastery

ტიმოთესუბნის მონასტერი

ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი სოფელ ტიმოთესუბანში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ის თორის მფლობელ შალვა ერისთავთერისთავ ახალციხელის მიერაა აგებული. აქაური ბუნება წელიწადის ნებისმიერ დროს მოგხიბლავს, მაგრამ, თუ მონასტერს შემოდგომაზე ეწვევი, მთის ფერდობზე მდგარი, ოქროსფერ, მწვანე და წითელ ხეებში ჩაფლული დიდებული ნაგებობა დაუვიწყარი სანახავი იქნება.
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთი
კურორტი
წაღვერი

მონასტრის ფრესკები

მსოფლიო კულტურის გადარჩენის ფონდშია შეტანილი ტაძრის უნიკალური მოხატულობა, რომელიც შესრულებულია არაუგვიანეს XIII საუკუნისა და თამარ მეფის ეპოქის ძეგლთა სიას მიეკუთვნება. განსაკუთრებით აღსანიშნავია მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ფრესკა და 20 კვ.მ-ზე გადაშლილი განკითხვის დღის კომპოზიცია.

ტიმოთესუბნის სამონასტრო კომპლექსი XI საუკუნიდან ამშვენებს სოფელს, იღებს უამრავ მომლოცველს და იზიდავს ვიზიტორებს. გადმოცემის თანახმად, სახელი „ტიმოთესუბანი“ მონასტრის ერთ-ერთი ბერის სახელს უნდა უკავშირდებოდეს. ისტორიული წყაროების მიხედვით, კომპლექსი XI-XVIII საუკუნეებში ეტაპობრივად ვითარდებოდა.  

მონასტრის არქიტექტურა

მთავარი ტაძარი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლია. ის, სავარაუდოდ, XII-XIII საუკუნეებით თარიღდება. ტაძარი ქართული ვარდისფერი აგურითაა აშენებული, მისი სიმაღლე ჯვრიანად 28 მეტრია, სიგანე კი - 19 მეტრი. ჯვარგუმბათოვანი ტაძრის ყელი საკურთხევლის შვერილებსა და ორ თავისუფლად მდგარ ბოძს ეყრდნობა. 

მონასტრის ეზოში კელიებია, სადაც ბერები ცხოვრობენ, ზემო, ჩრდილოეთს ტერასაზე კი წმინდა ბარბარეს სახელობის ერთნავიანი ბაზილიკა დგას. აქვე შემორჩენილია ქვით ნაგები თაღოვანი საძვალეც.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა