KA
Ubisi Monastery

უბისის მონასტერი

IX საუკუნის ულამაზესი უბისის მონასტერი იმერეთში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ უბისში მდებარეობს. ის ქართველი სასულიერო მოღვაწის, ტაო-კლარჯეთის მონასტრების ფუძემდებლის გრიგოლ ხანძთელის, მისი მოწაფეებისა და აფხაზთა მეფე დემეტრეს თაოსნობით აშენდა.
რეგიონი
იმერეთი
ქალაქი
ხარაგაული

უბისის მონასტრის ფრესკები და სტრუქტურა

კარიბჭეს რომ გადააბიჯებ, შენ წინაშე აღიმართება დარბაზული ტიპის ტაძარი, რომელსაც სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან მინაშენები აქვს. შიგნით შესული თვალს ვერ მოსწყვეტ ტაძრის მოხატულობას, რომელიც XIV საუკუნეში, მეფე გიორგი ბრწყინვალის დროს არის შესრულებული. 

მონასტრის კედლები თორმეტი საუფლო დღესასწაულის შესახებ მოგიყვება. განსაკუთრებით გამოირჩევა საიდუმლო სერობისა და წმინდა გიორგის ფრესკები. როგორც მატიანე იუწყება, კედლის მხატვრობა იმ დროის გამოჩენილ მხატვარს დამიანესა და მის მოწაფეს გერასიმეს ეკუთვნით. 

ტაძრის უკან მდგარი ოთხსართულიანი კოშკი 1141 წლით თარიღდება. შესასვლელი მას მეორე სართულიდან აქვს. აქ დაგხვდება იმდროინდელი ბუხარი, განჯინები და საპირფარეშოც კი. მეორე სართულიდან ჩახვალ კოშკის პირველ სართულზე, რომელსაც საკუჭნაოს დანიშნულება ჰქონდა. 

ლოცვისა და შრომისათვის იყო განკუთვნილი კოშკის მესამე სართული, სადაც მოხატულობის კვალიც შეიმჩნევა. აქვე იყო აივანიც. თავდაცვით ფუნქციას ასრულებდა კოშკის მეოთხე სართული.  

უბისის მონასტერი საქართველოს ისტორიის საინტერესო ამბავს მოგიყვება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა