KA
Udabno Monastery

უდაბნოს მონასტერი

უდაბნო - ასე ჰქვია ადგილს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ამაღლების მთის ფერდობზე, სადაც წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს, თუმცა აქაურობას გაუდაბნოების არაფერი ეტყობა - ირგვლივ წყაროს წყლები და დაბურული ტყეა! ამ შემთხვევაში უდაბნო ბერების განმარტოებულ ცხოვრების წესს აღნიშნავს.
რეგიონი
გურია
ქალაქი
ჩოხატაური

უდაბნოს მონასტრის არქიტექტურა

კომპლექსის მთავარი ნაგებობა ნახევრად კლდეში ნაკვეთი, პატარა, დარბაზული ეკლესიაა. უდაბნოს მონასტერი ერთ-ერთი უძველესია გურიაში - მეცნიერთა ნაწილი მას VI საუკუნის ძეგლად მიიჩნევს, თუმცა თარიღის ზუსტად დადგენას ის ფაქტი ართულებს, რომ ძეგლი მრავალჯერაა აღდგენილი და ამისთვის ძველი სამშენებლო მასალაა გამოყენებული.  

მონასტრის ფერდობზე ოთხი გამოქვაბულია, სადაც, სავარაუდოდ, სალოცავები იყო. მონასტრის აღმოსავლეთი და სამხრეთი ნაწილი კლდეშია გამოკვეთილი, ხოლო დასავლეთ და ჩრდილოეთ მხარე კარგად გათლილი, ღია ფერის კვადრატული ქვებით არის აგებული, რომლებზეც სხვადასხვა რელიეფური გამოსახულებაა გამოყვანილი. 

უდაბნოს მონასტრის ისტორია

უდაბნოს მონასტერი ცნობილი იყო საგანმანათლებლო მოღვაწეობით - განსაკუთრებით XIX საუკუნეში; იმ დროს სოფლებში სკოლები არ არსებობდა, ამიტომ მსურველებს აქ საღვთო სჯულს, ფილოსოფიას, ენებს, გალობას, კალიგრაფიასა და მხატვრობას ასწავლიდნენ.

ამასთანავე, მონასტერში იწერებოდა სასულიერო ხასიათის ლიტერატურა, ითარგმნებოდა საღმრთო წიგნები და მიმდინარეობდა ხელნაწერთა გადაწერა-გამრავლება. 

მონასტერს მდიდარი წიგნსაცავი ჰქონდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია „უდაბნოს მრავალთავი“, რომელიც შესაძლოა ადგილზეა დაწერილი და რომელიც სხვადასხვა ნიშნით IX საუკუნით თარიღდება და თავისი მნიშვნელობით გვერდით უდგას უძველეს ქართულ ხელნაწერს - 864 წელს გადაწერილ სინურ მრავალთავს. 

მონასტრის სიძველეები, ხელნაწერები, წიგნები და ხატები 1958 წელს, კომუნისტური რეჟიმის დროს, ეკლესიის დანგრევის შემდეგ განადგურდა. გადარჩა მხოლოდ წმ. იოანე ნათლისმცემლის ვერცხლით მოჭედილი ხატი და „უდაბნოს მრავალთავი“, თუმცა არასრული სახით.

2006 წელს აქ აშენდა ახალი ეკლესია, ძველი ქვებით კი საყრდენი კედელი მოეწყო.

უდაბნოს მონასტერს, კლდეში ნაკვეთი ეკლესიისა და სალოცავების გამო, გურიის ვარძიასაც უწოდებდნენ.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა