KA

ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი

ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმში 20 000-ამდე ექსპონატია წარმოდგენილი, რომელთა ნახვისას დარწმუნდები, რომ ქართული კულტურა დასავლეთის ცივილიზაციის ნაწილია.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
ფოთი

მუზეუმის ისტორია

ფოთი, ძველი ფაზისი, ისტორიული კოლხეთის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი იყო, ამიტომ ეს მუზეუმი, რომლის ექსპონატების ქრონოლოგია ძვ.წ. III და ახ.წ. VI საუკუნეების პერიოდს მოიცავს, ნამდვილი აღმოჩენაა ძველი კოლხური კულტურით დაინტერესებული ადამიანებისთვის.
მუზეუმის მთავარი კორპუსი გერმანელმა არქიტექტორმა ედმონ ფრიკმა, ფოთის მერის ნიკო ნიკოლაძის დაკვეთით, 1908 წელს ააგო. შენობის საბოლოო რეკონსტრუქცია იმავე ნიკო ნიკოლაძემ 1894-1912 წლებში განახორციელა, 1933 წელს კი ამ შენობაში კოლხეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი გაიხსნა, ცნობილი თვითნასწავლი არქეოლოგისა და საზოგადო მოღვაწის ბესარიონ გოგოლიშვილის ხელმძღვანელობით.

რას ნახავ ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმში?

მუზეუმში გამოფენილია ბრინჯაოს ხანის კოლხური სამეურნეო და საბრძოლო იარაღი, ძვ. წ. II-I ათასწლეულის კერამიკული ჭურჭელი, ძვ. წ. VI საუკუნით დათარიღებული, ბრინჯაოსგან ჩამოსხმული ხარის, ფრინველის, გველეშაპის ფიგურები, კოლხური საკულტო-სარიტუალო საგნები და სხვ.

გეომეტრიული დეკორით გაფორმებული ჭურჭელი ნათელი მაგალითია იმისა, რომ კოლხეთში საგნების ესთეტიკურ მხარეს დიდ ყურადღებას აქცევდნენ. 

მუზეუმის საინტერესო ექსპონატია ნაყოფიერებისა და სიცოცხლის მფარველი ღვთაების „ღმერთების დიდი დედის“ მცირე ზომის ქანდაკება. მისი კულტი ხმელთაშუაზღვისპირეთის ევროპულ ნაწილში იყო გავრცელებული, ასევე კრეტაზე, მცირე აზიაში, სამხრეთ კავკასიაში, შავიზღვისპირეთში.   

მუზეუმის ფონდებში დაცული ნუმიზმატიკური მასალა, მათ შორის, ალექსანდრე მაკედონელისა (ჩვ.წ. III ს.) და იუსტინიანე დიდის (VI ს.) დროინდელი ოქროს მონეტები იმის მაჩვენებელია, რომ ფაზისი სავაჭრო ქალაქი იყო და აქ ჩამოდიოდნენ ვაჭრები კოლხური საქონლის შესაძენად.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა