ბოდორნის სიახლოვეს კლდეები შავარდნისა და ფასკუნჯის საბუდარია. არაგვის პირას თითქმის ყველგან შეხვდები წყლის შაშვს. ფასანაურის გარშემო ტყეებში კი, სხვა მრავალ ფრინველთან ერთად, ნახევართეთრყელა ბუზიჭამია ბუდობს.
მოგზაურობის ყველაზე საინტერესო ნაწილი მაინც გუდაურის მიდამოებში იწყება. აქ, სხვა დიდ მტაცებელთან ერთად, შესაძლებელია ყველა ნატურალისტისთვის სანატრელი ბატკანძერის ნახვა. წითელნისკარტა და ყვითელნისკარტა მაღრანი, შავარდენი, კირკიტა, ორბი - ეს ის ფრინველებია, რომლებსაც აქაურ ცაში ყოველთვის ნახავ.
ზღვის დონიდან 2379 მეტრი სიმაღლის ჯვრის უღელტეხილი ფრინველთა მიგრაციის მნიშვნელოვანი ადგილია. განსაკუთრებით საინტერესოა ის აპრილში, როდესაც შესაძლებელია, კრაზანაჭამია არწივებისა და სხვა მტაცებლების მასიურ მიგრაციას დააკვირდე.
საინტერესო სახეობების ნახვა მიწაზეც შეიძლება. სტეფანწმინდამდე, ჯვრის უღელტეხილის ორივე მხარეს ისეთ საინტერესო მთის ფრინველებს ნახავ, როგორებიცაა: რქოსანი ტოროლა, მეთოვლია, მთის ჭვინტა, ალპური ჭვინტაკა, მთის მწყერჩიტა და სხვა.
უღელტეხილიდან გზა დაბლა ეშვება და პეიზაჟი კიდევ უფრო დრამატული ხდება. სოფელ კობთან ბაზალტურ კლეებზე წითელშუბლა მთიულები ბუდობენ. ამ კლდეზე ხშირად ნახავ წითელფრთიან კლდეცოციას, ფრინველს, რომელიც მთაში ძნელად მოსახელთებელია.
სტეფანწმინდამდე „ბერდვოჩერები“ აუცილებლად გაჩხრეკენ ქაცვის ბუჩქებს, რომლის ნაყოფითაც მრავალი მობუდარი და გადამფრენი ფრინველი იკვებება. მთავარი სამიზნე აქ წითელმუცელა ბოლოცეცხლა და დიდი კოჭობაა. აქვე შეიძლება მთის ყარანას ნახვა.
სოფელ გველეთის მიდამოებში კლდეებზე ორბები ბუდობენ. აქ ნახავ ბატკანძერს, მთის არწივს. დაუვიწყარია, როცა ბატკანძერს ხუთიათასმეტრიანი მყინვარწვერის ფონზე ხედავ, ან მთის არწივის ლივლივს თერგის მიერ გაჭრილ დარიალის ულამაზეს კანიონში უცქერ.
სტეფანწმინდის გარშემო ყველა გამორჩეულ ადგილზე შესაძლებელია მანქანით მისვლა. ამ პატარა დასახლებაში უამრავი სასტუმროა. ჩამოსულ ნატურალისტს ღამის გასათევის დიდი არჩევანი აქვს.