ყოველ შემოდგომაზე სახალვაშოს მიდამოებს ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მიმავალი მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი გადაუფრენს. მიგრაცია აგვისტოს მეორე ნახევარში იწყება, პიკს კი სექტემბერში აღწევს.
ამ დროს „ბერდვოჩერები“ ცაში ყოველდღე ათასობით კრაზანაჭამია არწივს ხედავენ. ეს ფრინველი მიგრაციის დომინანტია. ყოფილა დღეები, როდესაც სახალვაშოს ფრინველთა დაკვირვების სადგურზე ასი ათასზე მეტი კრაზანაჭამია არწივი აღურიცხავთ. მათ პარალელურად, ნატურალისტები თვალს ადევნებენ მიმინოების, ძერების, გველიჭამია არწივებისა და სხვათა მასობრივ მიგრაციასაც.
მტაცებელთა მსგავსად, შავი ზღვის ნაპირს მოუყვებიან: ვარხვები, ყარყატები, წეროები და სხვა დიდი ფრინველები. მათი გზაც სახალვაშოზე გადის.
სახალვაშოში მიდის კეთილმოწყობილი ასფალტიანი გზა, რომლიდანაც ფრინველზე დასაკვირვებელ სადგურამდე მხოლოდ ორასიოდე მეტრია ფეხით გასავლელი.
სახალვაშოს ტურს ერთი დღე მაინც უნდა დაუთმო. სასტუმროს დაჯავშნა ბათუმში შეგიძლია, თუმცა შემოდგომის მიგრაცია ისეთი შთამბეჭდავია, რომ ბევრი მთელ თვეს ატარებს სახალვაშოში, სადაც მოსვენება საოჯახო სასტუმროებში შეიძლება.