აბაშა კოლხეთის დაბლობზე მდებარეობს და 16 ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხშირი ჰიდროგრაფიული ქსელია, აქ მოედინება მდინარეები: რიონი, ცხენისწყალი და აბაშა, ასევე მცირე მდინარეები - ნოღელა, კოვზა და ზანა.
აბაშის შესახებ ცნობები „ქართლის ცხოვრებაში“ გვხვდება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უძველესი ნამოსახლარ-ნაქალაქარის კვალია ნაპოვნი. სოფელ კეთილარშია „ნამარნუდ“ წოდებული ნაქალაქარი, სადაც ანტიკური ხანის ჭურჭლის ფრაგმენტები, ქვის გალავნის ნაშთი, კულტურული ფენის სამაროვანი ქვევრ-სამარხები და სხვა არტეფაქტები აღმოაჩინეს.
გათხრები გვაჩვენებს, რომ ეს ადგილები მჭიდროდ უნდა ყოფილიყო დასახლებული კოლხური მოსახლეობით, რომელიც აქტიურ ეკონომიკურ ურთიერთობებში იყო ანტიკურ ქვეყნებთან, ჰქონდა საკუთარი მონეტები, შესანიშნავი ქალაქები და სოფლები, მაღალ დონეზე მდგარი სამეურნეო და კულტურული ცხოვრება.
აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემორჩენილია შუა საუკუნეების არაერთი საინტერესო კულტურულ-ისტორიული ძეგლი.
აღსანიშნავია კადარის ერთნავიანი ეკლესია (XIV ს.), სეფიეთის სამნავიანი ბაზილიკა (XVI–XVIII სს.), ტყვირის მაცხოვრისა (XV–XVI სს.) და სუჯუნის წმ. გიორგის (XVIII ს.) გუმბათიანი ეკლესიები.
აბაშაშია, აგრეთვე, ცნობილი ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას სახლ - მუზეუმი.
აბაშაში ბევრი სიურპრიზი ელით ბუნებაში მოგზაურეობის მოყვარულებს. ამ მხრივ განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს „მწყემსის ნაკრძალი“ და „კაცობურის აღკვეთილი.“