ვანი გამორჩეულად მდიდარი ქალაქი იყო. ამაზე მის ნაქალაქარში აღმოჩენილი მდიდრული სამარხები, ანტიკური ტაძრის ნანგრევები, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ნაკეთობები მოწმობს. უმდიდრესი არქეოლოგიური ფაქტები, ოქროს ფონდი, ძვ. წ. VIII-VI საუკუნეებით დათარიღებული კერამიკული ფრაგმენტები, ანტიკურ ნაქალაქარში აღმოჩენილი ნამარხები - ყველაფერი ეს და კიდევ უამრავი უნიკალური ექსპონატი შეგიძლია, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ვანის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში ნახო.
როგორც ამბობენ, მითები ვანის სიმდიდრის შესახებ XVIII საუკუნემდე გაგრძელდა. 1876 წელს გაზეთ „დროებაში“ ერთი ადგილობრივი ოჯახის შესახებ გამოქვეყნებულა წერილი, რომელიც გვაუწყებს: „ისე წვიმა არ მოვა, რომ ახვლედიანების კარებთან არ ჩამოიტანოს გორიდან ნიაღვარმა ხან ოქროები, ხან ოქროს ძეწკვი, ხან ბეჭდები, ხან რა და რა ნივთეულები“.
ვანის კიდევ ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა ბზვანის მღვიმე, იგივე „ნავარსკვლავები“, რომელიც სოფელ ბზვანში მდებარეობს. კარსტულ მღვიმეში, რომელიც ეგზოტიკური სტალაქტიტებითა და სტალაგმიტებითაა დაფარული, 10-მეტრიანი ნაპრალის გავლით მოხვდები.
ვანის სხვა ღირსშესანიშნაობებიდან ტურისტების განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს: საკათედრო ტაძარი, ვანის სინაგოგა, ტაბაკუროს ტბა და დიხაშხოს ჭალები. ეს უკანასკნელი სამკურნალო, გოგირდოვანი გამაჯანსაღებელი თვისებებით ხასიათდება.