KA

რუსთავი

რუსთავი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი და სამრეწველო ცენტრია ქვემო ქართლში. ის მრავალსაუკუნოვან ისტორიას ითვლის, ხოლო 1948 წლიდან ახალ სიცოცხლეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ფუნქციით აგრძელებს.  
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
0:55 სთ
ბათუმი
6:15 სთ
ქუთაისი
4:05 სთ

სად მდებარეობს რუსთავი?

რუსთავი ქვემო ქართლის მხარის ადმინისტრაციული ცენტრია. ქალაქი მდინარე მტკვრის ორივე ნაპირზეა გაშენებული და თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 27 კილომეტრში მდებარეობს.

რუსთავის ისტორია

რუსთავის, როგორც დასახლებული ადგილის, ისტორია შუა ბრინჯაოს ხანიდან იწყება. ამის დასტურია არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტები. გვიანი ბრინჯაოსა და ადრეული რკინის ხანაში კი აქ უფრო მსხვილი დასახლებები გაჩნდა და განვითარდა როგორც მიწათმოქმედება, ისე მეცხოველეობა, მევენახეობა და სხვა საქმიანობები. ისტორიული ცნობების თანახმად, ძვ. წ. IV საუკუნეში რუსთავს უკვე ქალაქის სტატუსი ჰქონდა. ანტიკურ ხანაში აქ იყრიდა თავს საქარავნო-სავაჭრო გზები და განვითარებული იყო ხელოსნობის სხვადასხვა დარგი. XIII საუკუნეში კი რუსთავი მონღოლთა ლაშქრობისას განადგურდა.

რუსთავის ღირსშესანიშნაობები

რუსთავის აღდგენა მხოლოდ XX საუკუნის 40-იან წლებში, მეტალურგიული ქარხნის მშენებლობის პარალელურად დაიწყო. ამან რუსთავი არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ ამიერკავკასიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სამრეწველო ცენტრად აქცია. მანამდე აქ მხოლოდ რუსთავის ციხის ნანგრევები იყო შემორჩენილი, რომელთა მონახულება დღესაც შესაძლებელია. ის V საუკუნეში აიგო და ერთადერთი ციხე იყო საქართველოში, რომელიც ფრესკებითაა შემკული.

ციხის ნანგრევების გარდა, რუსთავის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა პარკი, სადაც მრავალი სახის სივრცეა დასვენებისა და განტვირთვისთვის. აქ მოწყობილია ფეხბურთის, კალათბურთის, ფრენბურთის მოედნები, სკეიტ-პარკი, საპიკნიკე ადგილები, ველობილიკები და შადრევნები. კულტურისა და დასვენების პარკის ნაწილია რუსთავის ტყეც, ხოლო თავად პარკში ხელოვნური ტბაა გაკეთებული.

აუცილებლად სანახავ ადგილებს შორისაა რუსთავის ისტორიული მუზეუმი, რომელიც მრავალი საუკუნის ისტორიულ ექსპონატებს უყრის თავს. ქალაქში შეგიძლია დრამატულ თეატრსაც ესტუმრო, რომელიც აქტიურად ფუნქციონირებს. 

შემოდგომაზე კი, სექტემბრის შუა რიცხვებში, რუსთავში სახალხო ზეიმი - რუსთავქალაქობა იმართება. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა