ველური დასავლეთის „დასაპყრობად“ გურული მოჯირითეებისგან შემდგარ ათკაციან გუნდში ძირითადად სოფელ ჩიბათსა და ლანჩხუთში მცხოვრები ახალგაზრდები იყვნენ, რომელთა უმეტესობა თავად-აზნაურთა წრეს მიეკუთვნებოდა. მათ სათანადო წვრთნა გაიარეს, რის შემდეგაც ქუთაისში სხვადასხვა ფერის ჩოხა-ახალუხი შეაკერვინეს.
თავდაპირველად გურულები გემით მარსელში ჩავიდნენ, იქიდან - პარიზში, შემდეგ - ჰავრში, ბოლოს - ინგლისში. იმ დროს ლონდონის Earl's Court-ში საერთაშორისო მებაღეობის გამოფენა მიმდინარეობდა, სადაც სხვადასხვა სანახაობა იმართებოდა. მათ შორის იყო ცნობილი ამერიკელი შოუმენის „ბაფალო ბილი ქოუდის“ შოუ, რომელშიც ქართველთა ჯგუფიც ჩაერთო.
ლონდონში გურულების („კაზაკების“, როგორც მაშინ მათ მოიხსენიებდნენ) გამოჩენამ დიდი ინტერესი გამოიწვია. დედოფალმა ვიქტორიამ ისინი უინძორის სასახლეში მიიწვია. 1892 წლის 25 ივნისს ქართველი მხედრები, ივანე მახარაძის მეთაურობით, ინგლისის სამეფო ოჯახისა და სხვა არისტოკრატების წინაშე წარდგნენ.
აღტაცებულმა დედოფალმა მხედრებს წარმოდგენის ამსახველი ფოტოებით სავსე მოოქრული ალბომი გადასცა. ამ ფოტოებზე აღბეჭდილთა სახელები ისტორიამ დღემდე შემოგვინახა: პრინცი ერისთავი, ალექსანდრე ცინცაძე, გიორგი მაქსიმენიშვილი, რაფიელ თვალაძე, გასტონ მათითაშვილი, დიმიტრი და ფრიდა მგალობლიშვილები (ისინი საიმიგრაციო დეკლარაციაში აღნიშნულნი არიან, როგორც პრინცი და პრინცესა) და კიდევ რამდენიმე პიროვნება. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ გრაფაში - „პროფესია“, მითითებული იყო „მხედარი“, შემდგომ დეკლარაციებში კი უკვე „არტისტი“ იწერებოდა.
1893 წლის 10 აპრილს გურული მხედრების მეორე ჯგუფი გემ „სპარსეთის მონარქით“ ნიუ-იორკში ჩავიდა. ამერიკაში ჩასულ გურულთა შემადგენლობა ასეთი იყო: პრინცი ივანე მახარაძე, ლუკა ჩხარტიშვილი, ქიშვარდ მახარაძე, ყარამან კალანდარიშვილი, ივანე (პატარა) მახარაძე - მეტსახელად „ჩოხაგრძელა“, სერგი დგებუაძე, სილიბისტრო მახარაძე, გიორგი კალანდარიშვილი, იოსებ ტალახაძე და პავლე მახარაძე. ამის შემდეგ ყოველ წელს დაახლოებით ორი ჯგუფი მიემგზავრებოდა ამერიკაში.
შოუების მფლობელები გურულ მოჯირითეებს სიამოვნებით იწვევდნენ თავიანთ წარმოდგენებზე. ხანდახან მათ „რუსი კაზაკების“ სახელითაც მოიხსენიებდნენ, სანამ რამდენიმე ადგილობრივი გამოცემა საოცარი მხედრების წარმომავლობით არ დაინტერესდა. შემდეგ წყაროებში ისინი მოხსენიებულები არიან „კავკასიელ ქართველებად“, ხან კი - „კავკასიურ ტომად ქუთაისიდან“.
გურული მხედრები 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გამოდიოდნენ „ბაფალო ბილის“ ცირკსა და სხვა არენებზე. საჯირითო სეზონი მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით გრძელდებოდა. ქართველი ცხენოსნების გამოსვლას ყველა დიდი ინტერესით მოელოდა და, მიუხედავად იმისა, რომ „უაილდ უესთ“ შოუში მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა, მათ შორის, ცნობილი ინდიელი მხედრები და კოვბოები, გურულების გამოსვლას ყველა განსაკუთრებული აღფრთოვანებით ხვდებოდა.
ცნობილ მამაკაც მხედრებთან ერთად, გუნდში ქალებიც იყვნენ: ფრიდა მგალობლიშვილი, ქრისტინე ცინცაძე, მარო და ბარბალე ზაქარეიშვილები, რომლებიც ტოლს არავის უდებდნენ. შოუს აუცილებელი ატრიბუტი იყო ცეკვები, სიმღერა, იარაღი და ტანისამოსი. გურულ მხედრებს ჭრელ ფერებში შეკერილი ჩოხები ეცვათ. როგორც ჩანს, ესეც შოუს კომერციული ნაწილი იყო.
როგორც იმდროინდელი ამერიკული პრესა წერდა, გურული მხედრები არენაზე საოცრებებს ახდენდნენ და ჯირითის დროს იშვიათ ტრიუკებს აკეთებდნენ, ამიტომ მათი პოპულარობა დღითი დღე იზრდებოდა. იმასაც ამბობდნენ, რომ მათ დიდი გავლენა მოახდინეს ადგილობრივ კოვბოებზე.
საინტერესოა ცნობილი ისტორიკოსის დი ბრაუნის აზრი, რომელიც წერდა: „ცხენზე ჯირითი როდეოში შემოიტანეს თავზე ხელაღებულმა კაზაკებმა. კაზაკების თავბრუდამხვევი ტრიუკებით დაინტერესებულმა კოვბოებმა ეს გაითავისეს და შემდგომ თავისებური ვარიანტი წარმოადგინეს ამერიკულ როდეოში. ქართველი მხედრები წარმოუდგენელ ტრიუკებს აკეთებდნენ ჭენების დროს“.
საისტორიო დოკუმენტებში მოხსენიებულია კიდევ ერთი ცნობილი მხედარი - ალექსი ქართველი (გოგოხია), რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში 1894 წელს გაემგზავრა. იგი თბილისის თეოლოგიური ინსტიტუტიდან გარიცხეს. ნიუ-იორკში მან ინგლისური შეისწავლა, სხვადასხვა სამსახური გამოიცვალა, ბოლოს კი, 1897 წელს, ლუკა ჩხარტიშვილს შეხვდა და „ბაფალო ბილის“ ველური დასავლეთის შოუს შეუერთდა, სადაც 1899 წლის სეზონის ბოლომდე დარჩა.
მოგვიანებით, 1900 წელს მან საკუთარ ჯგუფთან ერთად განაგრძო მუშაობა. სწორედ ამ პერიოდში დაირქვა ალექსი „ქართველი“, თუმცა, იგი ასევე „კაპიტან ქართველის“, „პოლკოვნიკ ქართველისა“ და „პრინც ქართველის“ სახელებითაცაა ცნობილი. 1903-1905 წლებში იგი ქართველთა თითქმის ყველა ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ამ კოლორიტულ და საინტერესო პიროვნებას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) მთავრობამ აშშ-ში საქართველოს ელჩის პოსტი შესთავაზა, თუმცა გოგოხიამ ამ პოსტზე უარი თქვა. ის 1949 წელს მინეაპოლისში (მინესოტა) გარდაიცვალა.
ცნობილია, რომ შოუებს დიდი ინტერესითა და ხალისით უყურებდნენ აშშ-ის პრეზიდენტები: ვუდრო ვილსონი და თეოდორ რუზველტი. ქართველი მოჯირითის, გიორგი ჩხაიძის ტრიუკებით მოხიბლულმა რუზველტმა, მას საჩუქრად ლანგარი და ბეჭედი გადასცა, თუმცა მოგვიანებით, სამშობლოში დაბრუნებულმა მხედარმა საბჭოთა ხელისუფლების შიშით ბეჭედი გაყიდა. ქართველი ცხენოსნებისთვის თეთრი სახლის კარიც ღია იყო. მაგალითად, ალექსი გოგოხია-ჯორჯიანი პრეზიდენტმა უილიამ მაკ-კინლმა მიიღო, დიმიტრი და ფრიდა მგალობლიშვილებს კი გროვერ კლივლენდმა უმასპინძლა.
უცხო მიწაზე ქართველების ცხოვრება ზოგჯერ ტრაგიკულადაც მთავრდებოდა. მაგალითად, 1901 წლის 3 ივლისს ქალაქ აირონ რივერში ჯირითის დროს, „ფოუნი ბილის“ შოუს მონაწილე უცნობი გურული მხედარი დაიღუპა; 1907 წლის 28 ოქტომბერს ამარილოში უცნობი ქართველი მონაწილე ცხენიდან ჩამოვარდა და გარდაიცვალა; 1914 წელს კენტუკის შტატში მოკლეს ხალამპრი პატარაია.
პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ გურული მხედრების ბედი სხვადასხვაგვარად წარიმართა. ზოგი მათგანი ამერიკის შეერთებულ შტატებში დარჩა, სხვადასხვა შოუში განაგრძო მონაწილეობა და სამუდამოდ გაწყვიტა სამშობლოსთან კავშირი. საქართველოში დაბრუნებული მამაცი მეომრები კი ბოლშევიკური რეჟიმის მარწუხებში აღმოჩნდნენ.
ისინი ამერიკის ჯაშუშებად შერაცხეს, დააპატიმრეს და სასტიკად გაუსწორდნენ. ბევრი მათგანი იძულებული გახდა, საზღვარგარეთ ყოფნის დამადასტურებელი ყველა სამხილი გაენადგურებინა. სამშობლოში დაბრუნებულთა მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ზოგიერთმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ბოლშევიკებისგან განსხვავებით, ამერიკელებმა გურული მხედრების ისტორია შემოგვინახეს. სწორედ მათი წყალობით არის შემორჩენილი ამ ადამიანების ფოტოები და პირადი ნივთები და ის საოცარი ლეგენდაშეპარული სინამდვილე, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი „უაილდ უესტ შოუს“ დასაწყისს უკავშირდება.