KA
ქართული გოზინაყი

ქართული გოზინაყი

გოზინაყი ქართულ გასტრონომიულ კულტურაში ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ნუგბარია და ის არა მარტო საახალწლოდაა აუცილებელი, არამედ საჩუქრადაც მშვენიერია. ამასთანავე, უძველესი დროიდან გოზინაყი მეომრებს ბრძოლებში თან მიჰქონდათ, რადგან ნოყიერი იყო და კარგად ინახებოდა. 

გოზინაყის ისტორია

გოზინაყის უძველესი ვარიაციები საქართველოს მთიანეთში გვხვდება. მას ამზადებდნენ არა მხოლოდ ნაჭუჭიანებისგან, როგორებიცაა: თხილი, ნიგოზი, ფსტა და გოგრის თესლი, არამედ ჩირეულისგანაც, როგორიც არის: ვაშლისა და მსხლის ჩირი, რომელსაც თაფლში ხარშავდნენ ცოტაოდენი შაქრის დამატებით და შემდგომ აშრობდნენ. რაჭაში გოზინაყს დღესაც გოგრის თესლისგან აკეთებენ.

ამ მიმართულებით დიასახლისების კრეატიულობას საზღვარი არ აქვს. სუფრაზე ნაჭუჭიანებისა და ჩირეულის ნაზავით გაკეთებულ გოზინაყსაც შეხვდები, ნახავ მზესუმზირას მარცვლების, გოგრის თესლის, ნუშისა და ნიგვზისგან გაკეთებულს, შოკოლადში ამოვლებულს თუ ბურთივით დამრგვალებულს, ასევე კარამელიზებულს. ამ ნუგბარის ყველა ვარიაცია მაღალკალორიულია და როგორც საქართველოში იტყვიან, ყელის ჩასაკოკლოზინებელი. 

გოზინაყი, როგორც სარიტუალო ტკბილეული

საქართველოში ყოველი ახალი წლის მოახლოებისას სამზარეულოებიდან განსაკუთრებული სურნელი გამოდის - მხოლოდ ახალ წელს რომ იგრძნობა, ისეთი. ეს მოხალული თხილეულისა და მოხარშული თაფლის  სურნელია. გოზინაყი მხოლოდ ქართული ტრადიციული სარიტუალო ტკბილეული კი არა, ახალი წლის სინონიმიცაა. 

დიასახლისი ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში იწყებს გოზინაყზე ზრუნვას, საგანგებოდ შეარჩევს თეთრ ლებნებს, გაასუფთავებს, მერე ღუმელს გაახურებს და ნიგოზს მოსახალავად შეყრის. ნიგოზმა თეთრი ფერი რომ შეინარჩუნოს, ამ დროისთვის ღუმელი გამორთული უნდა იყოს. მერე ტილოზე გადმოყრის ლებნებს, ხელის მორევით ფერფლს კარგად  გააცლის და ბასრი დანით ხის დაფაზე დაჭრის. ზოგს ნიგოზი მსხვილად დაქუცმაცებული ურჩევნია, მაგრამ ეს მხოლოდ გემოვნების ამბავია. თუ გოზინაყს მაშინვე არ აკეთებ, დაჭრილი ნიგოზი რომ არ დანესტიანდეს, უმჯობესია, შუშის მჭიდროთავსახურიან ჭურჭელში შეინახო.

საგოზინაყე თაფლი სასურველია, მაისის იყოს - აკაციისა და ციტრუსის ან შერეული ყვავილების. ცაცხვისა და წაბლნარევი თაფლი მუქი ფერისაა და გოზინაყიც, შესაბამისად, მუქი გამოდის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ახალი თაფლი თხელია და შესასქელებლად შედარებით მეტი დუღილი სჭირდება. 

საახალწლო გოზინაყს კიდევ ერთი შიდა საოჯახო ტრადიცია აქვს - მას ოჯახის ის წევრი აკეთებს, რომელსაც მისი მომზადება ყველაზე კარგად გამოსდის. თანაც, ამ ადამიანის წინა ნახელავს კარგი, წარმატებული და ბედნიერი წელიწადი უნდა მოეტანა. ეს შეიძლება იყოს როგორც ქალი, ისე კაცი, თუმცა გოზინაყის მომზადებაში მაინც მთელი ოჯახია ჩართული. 

ყველაზე კარგი რეცეპტი 

გოზინაყი სულ ორი ინგრედიენტისგან შედგება - თაფლისა და ნიგვზისგან, ცოტაოდენ შაქარსაც უშვებიან. მისი მომზადება არც რამე განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს, მაგრამ ყველა დიასახლისს მაინც თავისი ექსკლუზიური რეცეპტი აქვს.

კლასიკური სახით, საქართველოში გოზინაყს ასე ამზადებენ:

სქელძირიან ქვაბში ვასხამთ ნახევარ კილო თაფლს, ვდგამთ ნელ ცეცხლზე და ხის კოვზით ვურევთ. ადუღებიდან 5 წუთში გადმოვდგამთ და ვაგრილებთ. ამას ვიმეორებთ სამჯერ-ოთხჯერ. დუღილის დროს ვნახავთ, რომ ქაფს მოიდებს, მაგრამ ის თანდათან გაქრება. ვეცადოთ, თაფლი ზედმეტად არ ვადუღოთ, რომ არ გამუქდეს. 

თაფლის მზაობას შემდეგნაირად ვამოწმებთ: ვიღებთ წყლიან ჭიქას და ვაწვეთებთ მოხარშულ თაფლს. თუ წვეთი არ გაიშალა, ესე იგი მზადაა. ამის შემდეგ, თაფლში ვყრით დაქუცმაცებულ და მოხალულ ნიგოზს, ვამატებთ სამ ჩაის კოვზ შაქრის პუდრს და ხის კოვზით კარგად ვურევთ. 5 წუთის შემდეგ, როგორც კი მასა ოქროსფერს მიიღებს, ცეცხლიდან გადმოვდგამთ. 

გოზინაყი წინასწარ მომზადებულ, წყლით დასველებულ დაფაზე უნდა გადავიტანოთ და დასველებული გასაბრტყელებლით ან სველი ხელით თანაბარი სისქით გავშალოთ. ამ დროს საჭიროა სისწრაფე, რომ მასა არ გაგრილდეს და მისი გაშლა არ გართულდეს. რომ არ დაიშალოს, გოზინაყი დასველებული დანით თბილივე უნდა დავჭრათ რომბებად და თეფშებზე დავალაგოთ.

კარგი გოზინაყის საიდუმლო თაფლის სწორად მოხარშვაშია. სწორად მომზადებული გოზინაყი რბილი გამოდის და არც თეფშს ეკვრის.  

გოზინაყი კალორიებში

გოზინაყი საუკეთესო ხელის დასამშვენებელია ახალი წლის მისალოცად, მოსახერხებელია გასაგზავნადაც, რადგან ტრანსპორტირებისას არ კარგავს ფორმას, ამიტომ საქართველოდან ხშირად გზავნიან სხვადასხვა ქვეყანაში სტუდენტ შვილებთან და ახლობლებთან.

მიუხედავად იმისა, რომ გოზინაყი სულ ორი ძირითადი ინგრედიენტისგან შეგდება, ის ძალიან ნოყიერია. თუკი 100 გრამი სააღდგომო პასქა 331 კალორიას შეიცავს, ახალამოვლებული ჩურჩხელა კი - 200 კალორიას, 100 გრამი ნიგვზის გოზინაყი 510 კალორიაა.

ტრადიციული გოზინაყი ნიგვზით კეთდება, მაგრამ ბოლო დროს მას დარჩეული მზესუმზირათი (576 კალორია) და მიწის თხილითაც (485 კალორია) აკეთებენ.  

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა