მუზეუმი ისტორიულ სახლში - კავკასიის მთავარმართებლის ალექსანდრ ბარიატინსკის ყოფილ სასახლეშია განთავსებული, ქაშუეთის ეკლესიასთან, გიორგი ჭანტურიას #8-ში. ქართული ლიტერატურის მუზეუმი გასული საუკუნის 30-იან წლებში პოეტ ტიციან ტაბიძისა და მწერალთა ფედერაციის გადაწყვეტილებით დაარსდა. 1931 წელს მუზეუმის გამგედ პოეტი გიორგი ლეონიძე დაინიშნა. ქართული ლიტერატურის მუზეუმი სწორედ მის სახელს ატარებს.
მუზეუმის კედლებში დღეს თავმოყრილია საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშები, ხელნაწერები, მათ შორის - XII საუკუნის ოთხი სახარება, ცნობილი მწერლების არქივები, ფერწერული, გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევრები, ფოტოალბომები, აუდიო- და ვიდეოჩანაწერები და ა.შ. მთლიანობაში 130 000-მდე ექსპონატი. ქართული ლიტერატურის მუზეუმის თითოეული ექსპონატი გამორჩეულია. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მსგავს კოლექციას სხვაგან ვერსად შეხვდები.