KA
Kvatakhevi Monastery

ქვათახევის მონასტერი

შიდა ქართლში, კასპის სამხრეთით, 14 კმ-ის დაშორებით, მდინარე კავთურას ერთ-ერთი შენაკადის მარჯვენა ნაპირზე გაშენებული ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი შენზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს.
რეგიონი
შიდა ქართლი
ქალაქი
კასპი

ქვათახევის მონასტრის ისტორია

ამ თითქოს იდუმალებით მოცულ ადგილს, რომელიც სიმწვანეშია ჩაფლული, მრავალი ლეგენდა და თქმულება უკავშირდება. გადმოცემის მიხედვით, ტაძრის საძირკველში ღვთისმშობლის სამოსლის მცირე ნაწილია ჩატანებული. აქვეა დავანებული ქრისტიანული ეკლესიის ძალზედ მნიშვნელოვანი სიწმინდე - წმინდა იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილი და ღვთისმშობლის მიძინების სასწაულთმოქმედი ხატი.

ქვათახევის სამონასტრო კომპლექსის აგება, ერთ-ერთი ვერსიით, დავით აღმაშენებელს უკავშირდება, ზოგიერთი მკვლევარი კი თამარი მეფის სახელს მიაწერს. ხუროთმოძღვრული ფორმებითა და ფასადების მორთულობით ქვათახევის მონასტერი XII-XIII საუკუნეების ტიპური ძეგლია. 

ქვათახევი ქართლის უმთავრეს მონასტრად მიიჩნეოდა და დიდებულთა მფარველობის ქვეშ იყო. XIV საუკუნეში თემურლენგის მიერ დანგრეული მონასტერი XV საუკუნეში საქართველოს მეფემ ალექსანდრე დიდმა აღადგინა. 

ქვათახევის მონასტრის არქიტექტურა

კომპლექსის მთავარი ნაგებობა ჯვარგუმბათოვანი ტაძარია. თავდაპირველი მოხატულობიდან დღეს თითქმის არაფერია შემორჩენილი, თუმცა ჩუქურთმების სიმდიდრით, მრავალფეროვნებითა და შესრულების მაღალი დონით ქვათახევი ფეოდალური ხანის ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა