KA
Lower Betlemi Church

ქვემო ბეთლემის ეკლესია

ძველ თბილისში სეირნობისას ისტორიული ტაძრები ხშირად შეგხვდება. აქ იხილავ ქვემო ბეთლემის ეკლესიასაც, რომელიც აგურით ნაშენები ეკლესიაა, ხოლო ბეთლემის კიბე, რომელიც ლადო ასათიანის #14-დან იწყება, აუცილებლად მოგხიბლავს და იმ ისტორიაზე დაგაფიქრებს, რამაც ამ ნაგებობის თავზე გადაიარა.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

ქვემო ბეთლემის ეკლესიის ისტორია 

ამ ადგილას, სადაც ახლა ბეთლემის მაცხოვრის შობის ქვედა ეკლესიაა, 1725-1727 წლებში ირანიდან გადმოსახლებულმა სომხებმა წმ. სტეფანეს სახელობის - სურფ-სტეფანოზის დედათა მონასტერი დააარსეს და მცირე სამლოცველოც ააგეს. მის ნაცვლად 1868 წელს გუმბათიანი ეკლესია აშენდა, რომელიც 1910 წელს განაახლეს. 

ინტერიერის მოხატულობა 1991-1997 წლებშია შესრულებული.

ქვემო ბეთლემის ეკლესია დღეს

ქვით მოპირკეთებულ აგურის ციტადელზე აღმართულია „ჩაწერილი ჯვრის“ ტიპის ნაგებობა. გუმბათის სარკმლები თაღებშია ჩასმული. ტაძარში შესასვლელი ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდანაა მოწყობილი. ჩრდილოეთის კარისკენ ქვის ფართო, ორმხრივი კიბე მიემართება. 

თაღოვან რკინის კარის თავზე – ლუნეტში მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ფერწერული გამოსახულებაა. 

ამ უბანს, ეკლესიის სახელწოდებიდან გამომდინარე, ბეთლემის უბანს უწოდებენ. ბეთლემის ქუჩა-კიბე 120 საფეხურს ითვლის, აგებულია 1850 წელს, შემონახულია პირვანდელი სახით და ის ბეთლემის უბანში კლდეს მიუყვება. მის შუა ნაწილში ქვემო ბეთლემი მდებარეობს, კიბის ბოლოში კი ზემო ბეთლემის ეკლესია დგას.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა