KA
Ksani Fortress

ქსნის ციხე

ქართლი ლანდშაფტური მრავალფეროვნებით ხასიათდება და აქაც უხვად ვხვდებით უძველესი ისტორიის დანატოვარს, კულტურულ ძეგლებსა და მედიდურ ციხესიმაგრეებს. ერთ-ერთი ასეთია ქსნის ციხე, რომელიც მტკვრისა და ქსნის შესართავთან, სარკინეთის მთაზე მდებარეობს.
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთი
ქალაქი
მცხეთა

ქსნის ციხის ისტორია

ამ ციხეს დიდი ისტორია აქვს, მისი ტერიტორიიდან კი მტკვრისა და ქსნის ხეობების ულამაზესი ხედები იშლება. საუკუნეების წინათ ამ ხეობებით ქვეყანას მტერი ხშირად ესხმოდა თავს, ამიტომ, ბუნებრივია, ადგილობრივები ხეობების გამაგრებაზე განსაკუთრებულად ზრუნავდნენ, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილებში კი ციხესიმაგრეებს აგებდნენ. 

ქსნის ციხე XVI საუკუნეში მუხრანის უფლისწულმა ბაგრატმა ააშენა. ეს ნაგებობა მნიშვნელოვან გზაგასაყარს აკონტროლებდა და მრავალი ბრძოლაც აქვს გადატანილი.

XVIII საუკუნისათვის ციხე ძალიან დაზიანდა. იმდენად, რომ მას საბრძოლველად ვეღარ იყენებდნენ, ამიტომ მის ნანგრევებზე ბაგრატის შთამომავალმა კონსტანტინე მუხრანბატონმა 1746 წელს ახალი ციხე ააგო. მას მერე ქსნის ციხეს კონსტანტილაბათის სახელითაც მოიხსენიებენ. 

ციხესიმაგრე გალავნისა და ოთხი სხვადასხვა ზომისა და ფორმის კოშკისგან შედგება, რომლებსაც როგორც საბრძოლო, ისე საცხოვრებელი ფუნქცია ჰქონდა. მიუვალ კლდეზე აშენებულ ციხეში მრავლად ყოფილა სურსათისა და წყლის შესანახი სათავსები. ერთ-ერთი კოშკის ძირში კი დიდი წყალსაცავია, რომლის დონეზეცაა მარანი 15-მდე ქვევრით.

როგორია ქსნის ციხე ამჟამად?

დღესდღეობით ციხესიმაგრე სანახევროდ დანგრეულია, თუმცა მაინც შთამბეჭდავია. იმის წარმოდგენა, რა მნიშვნელობის მატარებელი იყო ეს ნაგებობა საუკუნეების წინათ, ნებისმიერ მნახველს საოცარი ემოციებით ავსებს. ციხესთან სამანქანო გზიდან 800-მეტრიანი ბილიკით ახვალ. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა