KA
Cathedral of the Nativity of the Blessed Virgin

ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი

გორი შიდა ქართლის მხარეში მდებარეობს, სადაც მრავლად გვხვდება საუკუნეების წინანდელი კულტურისთვის დამახასიათებელი, საინტერესო და გამორჩეული ხუროთმოძღვრების ძეგლები. სწორედ ამ ქალაქში იპოვი ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარს, რომელიც ლომოურის ქუჩის #7-ში მდებარეობს. 
რეგიონი
შიდა ქართლი
ქალაქი
გორი

ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის ისტორია

ისტორიული მასალების მიხედვით, ეკლესია კათოლიკე მისიონერებმა ააშენეს. 1628 წელს პადრე ამბროზიო და მორჩილი პეტრე გორში ჩავიდნენ, რათა მეფე თეიმურაზ I-ისთვის ნაწამები ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი გადაეცათ. 

მისიონერებმა მეფისგან საჩუქრად ეკლესია მიიღეს, 1632 წელს მისი შეკეთება დაასრულეს და წმინდა პეტრეს სახელობის ტაძარი უწოდეს. მოგვიანებით მისიონერებისადმი მეფე თეიმურაზის კეთილგანწყობა შეიცვალა და მას შემდეგ ტაძარმაც არაერთხელ იცვალა იერი. დღევანდელი იერსახე მას 1806-1810 წლებში მიეცა. 

ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის არქიტექტურა

ჯვარგუმბათოვანი ეკლესია აგურითაა ნაგები. გუმბათის ყელი მდიდრულადაა გაფორმებული, ინტერიერი კი XIX საუკუნის მეორე ნახევარშია მოხატული. 1920 წელს ეკლესია ძლიერმა მიწისძვრამ დააზიანა. საბჭოთა კავშირის დროს აქ გორის სამუსიკო სკოლა ფუნქციონირებდა. 1990-იან წლებში კი ეკლესია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცა. 

2003 წელს ტაძარში ჩატარებული სამუშაოების შედეგად ჩამოიფხიკა ფრესკები, რომლებიც 1950 წელს შეათეთრეს. დაზიანდა ინტერიერის რამდენიმე დეტალი, რის შედეგადაც, განადგურდა გორის ეკლესიის ღვთისმშობლის ცნობილი კათოლიკური ფრესკაც. რესტავრაციის ფარგლებში, ტაძრის ეზოში სამსართულიანი სამრეკლო და გალავანი აშენდა. 

2008 წელს გორის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა