KA
ღომი

ღომი

ღომი სამეგრელოს ერთ-ერთი ძველი და ტრადიციული კერძია. მის გარეშე წარმოუდგენელია მეგრული ხარჩო, კუპატი, ჯურჯანი, მას დასავლეთ საქართველოში შემწვარ თევზთან, ხორციან კერძებთან, რძის პროდუქტებთან და ლობიოსთან ერთად მიირთმევენ.

ცოტა რამ  წარსულიდან 

ღომი ერთ-ერთი უძველესი ფეტვისნაირი მცენარეა. ეს მარცვლოვანი კულტურა გავრცელებული იყო დასავლეთ საქართველოს დაბლობში - სამეგრელო-გურიაში. არქეოლოგიური გათხრებით მოპოვებული ღომის დანახშირებული მარცვლები ძველი წელთაღრიცხვის II-I საუკუნეებით თარიღდება.  

ღომის შესახებ თავიანთ ნაშრომებში წერდნენ იტალიელი მისიონერები ქრისტეფორე კასტელი და არქანჯელო ლამბერტი. ისინი სამეგრელოში გავრცელებულ მარცვლეულთა შორის ღომს ასახელებენ, როგორც ერთ-ერთ მთავარ საკვებ პროდუქტს. 

ღომის ტრადიცია

იმაზე, ვინც ღომის (შემდეგ - სიმინდის) კარგ მოსავალს მოიყვანდა, იტყოდნენ, ბარაქიანი ოჯახიაო, რადგან ღომი საკვები რაციონის საიმედოობას განსაზღვრავდა. 

სოციალური მდგომარეობის მიუხედავად, თითქმის ყველა ოჯახს ჰქონდა ღომის მოსახარში მრგვალი და სქელძირიანი ქვაბი, რომელსაც სამეგრელოში ჩუანს ეძახდნენ, გურიაში კი - ჩახანას. ამ ქვაბში, ღომის გარდა, არაფრის გაკეთება არ შეიძლებოდა - წინაპრებისგან იცოდნენ, რომ ეს ღომის წაწყმედას ნიშნავდა. ღომის მოსამზადებელ ატრიბუტებში შედიოდა: ხისგან დამზადებული ჩასაზელი ჩოგანი და ღომის ამოსაღები ხვარჩინი, გურიაში - ლაფერა.

როგორ მოვამზადოთ ღომი?

ღომის მომზადება სამეგრელოში მთელი რიტუალი იყო. დიასახლისი თმას ივარცხნიდა, ტანსაცმელს იბერტყავდა, თავზე თეთრ თავშალს წაიკრავდა და ღერღილის რეცხვას იწყებდა. ღერღილის პირველი წყალი ღომის რძით არის სავსე, ამიტომ მას სპეციალურ საცერში ატარებდნენ, რომ სწორედ ის დაესხათ მოსახარშად, ღომს რომ თავისი გემო არ დაეკარგა. 

ღერღილს გამდინარე წყალში რეცხავდნენ, სანამ წყალი წკრიალა არ გახდებოდა. ღერღილიც მხოლოდ თეთრი უნდა ყოფილიყო, კარგი დიასახლისის ნახელავ ღერღილს არცერთი შავი წერტილი არ უნდა გაჰყოლოდა, ღომი ქათქათა უნდა გამოსულიყო. გარეცხილი ღომი სპეციალურ „კარდილაში“, ანუ, როგორც სამურზაყანოში იტყოდნენ, ჩუანში გადაჰქონდათ, თავზე ახურავდნენ და მოსახარშად დგამდნენ.  

ღომისთვის მეგრელს შეშაც კი ცალკე ჰქონდა: ჯამანგარი, ანუ რცხილა, წიფელა ან მუხა, რადგან მათ კარგი ნაღვერდალი აქვთ, რომელზედაც ჩაზელის შემდგომ ღომი კარგად იშუშება. 

ღომი თავდახურულ ქვაბში, დაბალ ცეცხლზე იხარშება და თუ ერთხელ მაინც ამოურევ, მერე ადუღებამდე გამუდმებით უნდა ურიო ხის კოვზით, რომ არ მიიკრას. სხვა შემთხვევაში, არ უნდა შეეხო და მის ადუღებას უნდა დაელოდო. ადუღებიდან 15-20 წუთში ფქვილი ჩოგნით უნდა შეიზილოს ხელის სწრაფი მოძრაობით, რომ არ დაკურკუშდეს და ფქვილი კარგად გაიხსნას. მერე დაბალ ცეცხლზე უნდა დაშუშდეს და დროდადრო ისევ უნდა ჩაიზილოს. 

ღომი იმდენჯერ ჩაიზილებოდა, რამდენჯერაც დიასახლისი ქვაბთან მისვლას მოახერხებდა. ღომი სპეციალური ჩოგნით - ხვანჩინით იზილებოდა და ეს მაშინ იწყებოდა, როდესაც მასა ჩუანში ერთგვაროვან ფაფად იქცეოდა, ირგვლივ კი ხმელ სარტყელს მოიკიდებდა. როდესაც ღომს  ქერქის, ნახვაწას რომ ეძახიან, სუნი აუვიდოდა, ღომი ამოსაღებად მზად იყო. თეფშებზე ღომს წყალში დასველებული ხვანჩინით ანაწილებდნენ. როგორც კი დიასახლისი ღომის ამოღებას დაასრულებდა, ხვარჩინს იმწამსვე რეცხავდა.

როგორ წესი, ღომი იმაზე მეტი მზადდებოდა, ვიდრე ოჯახის წევრი იყო, რომ შემოსწრებული სტუმრისთვისაც მიერთმიათ. შემდეგ კარგი დიასახლისი ჯამანგარის ნაღვერდალს გაშლიდა და ჩუანს ზედ გადმოაპირქვავებდა, რომ სადილისთვის ღომის ქერქი - ნახვაწა დაეყოლებინა. ხშირად მას სულუგუნს ატანდნენ. როგორც ამბობენ, ნახვაწა საჭმლის მონელებას უწყობს ხელს. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა