KA
Kintsvisi Monastery

ყინწვისის მონასტერი

ქარელის მუნიციპალიტეტში, ულამაზეს, პატარა სოფელ ყინწვისთან ახლოს, მდინარე ძამის ხეობაში, ერთ-ერთ მაღლობზე ყინწვისის მონასტერი დგას, რომლის აგებაც ქართული სახელმწიფოებრიობისა და კულტურის ბრწყინვალე ეპოქას - „ოქროს ხანად“ წოდებულ თამარის მეფობას (1184-1212) უკავშირდება.
რეგიონი
შიდა ქართლი
ქალაქი
ქარელი

ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის მხატვრობა

ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. მის მხატვრობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქართულ და ზოგადად შუა საუკუნეების მონუმენტური მხატვრობის განვითარების ისტორიისთვის. მხატვრობა შესრულებულია გვიანდელი ფეოდალური ხანის სხვადასხვა პერიოდში. 

კომპლექსის წმ. ნიკოლოზის XII-XIII საუკუნეების ეკლესია ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობაა. წმინდანების ხატებზე გვხვდება ქართული ასომთავრული თუ ბერძნული წარწერები. ტაძრის კედლებს ამშვენებს ისტორიული პირების გამოსახულებები,  ვრცელი ისტორიული წარწერის ნაშთი. 

წმ. ნიკოლოზის ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთით, მდინარე ძამის ნაპირთან, ფერდობზე იმავე პერიოდის ღვთისმშობლის ეკლესია დგას. ეკლესია თითქმის მთლიანად დანგრეულია, დაზიანებულია საკურთხევლის კედლები და სახურავიც. შემორჩენილია მხოლოდ საკურთხევლის მოხატულობა, რომელიც XIII საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება.  

კომპლექსის შემადგენელია XVI-XVIII საუკუნეების წმინდა გიორგის მცირე ეკლესიაც. ის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის დასავლეთის კედელთან, ორსაფეხურიან დაბალ ცოკოლზე დგას. ტაძარი სხვადასხვა ზომის თლილი ქვის კვადრებითაა ნაგები. მისი აღმოსავლეთ ფასადის სარკმლის თავზე ცალმკლავა რელიეფური ჯვარია გამოსახული.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა