მამა შიომ სიცოცხლის უკანასკნელი წლები 12 მ სიღრმის მღვიმეში გაატარა და ის აქვეა დაკრძალული. სწორედ აქედან მომდინარეობს მონასტრის სახელი - „შიოს მღვიმე“. შიოს სასაფლაო-ეკლესია წმინდა ადგილადაა შერაცხილი.
დღეს ამ ტერიტორიაზე დიდი სამონასტრო კომპლექსია, რომელიც საკულტო და საერო შენობებს მოიცავს.
560-70-იან წლებში, შიოს სიცოცხლეშივეა აგებული წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, რომლის ქვედა ნაწილი კლდეშია ნაკვეთი.
მის ჩრდილოეთით ღვთისმშობლის მიძინების გუმბათიანი ეკლესია 1103-23 წლებში მეფე დავით აღმაშენებელმა ააშენა.
კომპლექსის უკან ასზე მეტი გამოქვაბულია, რომლებსაც ბერები მტრის შემოსევის დროს თავს აფარებდნენ.
მონასტრის შემოსასვლელ კარიბჭესთან „ცრემლის წყაროს“ ნახავ - გადმოცემის თანახმად, მას საკურნებელი თვისებები აქვს.
საუკუნეების განმავლობაში მონასტერს გამუდმებით უწევდა მტრის შემოსევების გადატანა - შაჰ-აბასმა კი დავით აღმაშენებლის მიერ აგებული დიდი ტაძარი დაანგრია.
XIX საუკუნის 90-იან წლებში შიომღვიმე საფუძვლიანად განაახლეს.
დღეს აქ მამათა მონასტერია და მისი კარი ყოველთვის ღიაა.
მონასტრამდე სამანქანო გზა ტყეში გადის და ირგვლივ ულამაზესი ბუნებაა.