შშმ პირთათვის
XXI საუკუნეში ტურიზმის ინდუსტრია ყველაზე სწრაფად განვითარებადი გლობალური სფეროა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ საქართველოში და, ზოგადად, მსოფლიოში, ტურიზმის დინამიკურად მზარდ განვითარებას გონივრული დაგეგმვა, ვიზიტორთა მიღების სისტემების მუდმივი დახვეწა და ჯანსაღი გარემოს შენარჩუნება ესაჭიროება. ამაში, რა თქმა უნდა, ინკლუზიური ტურიზმიც მოიაზრება, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ტურისტებისთვის თავისუფალი და უსაფრთხო გადაადგილების, ტურისტული მომსახურებით სარგებლობის თანაბარ შესაძლებლობას გულისხმობს.
საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ტურისტულ ინფრასტრუქტურასა და სერვისებში ამ მიმართულებით ჯერ ისევ გრძელდება მუშაობა. ყველა ახალი მშენებლობა, იქნება ეს საცხოვრებელი სახლი, სასტუმრო თუ სხვა ტიპის ინფრასტრუქტურა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მოთხოვნების გათვალისწინებით იგეგმება და იგება. უნივერსალური დიზაინი, ფიზიკური გარემოსა და ტურისტული სერვისების მისაწვდომობა, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და მდგრადობის ხელშეწყობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
ქვეყნის დიდ ქალაქებში უკვე მოძრაობს თანამედროვე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული ავტობუსები; ადაპტირებულია რეაბილიტირებული პარკები; ადაპტირებულია მცხეთის ძეგლები - სვეტიცხოველი, სამთავროს მონასტერი, ანტიოქიის ტაძარი, შიომღვიმე. გაკეთებულია პანდუსები, შექმნილია ძეგლების მინიმაკეტები უსინათლოებისთვის, სვეტიცხოველთან დამონტაჟებულია ლიფტიც; ადაპტირებულია წყალტუბოს ცენტრალური პარკი და ცივი ტბის ტერიტორია; ნარიყალას ორივე სადგურზე დამონტაჟებულია ლიფტი; პანდუსი აქვს უფლისციხის მუზეუმს, სტალინის მუზეუმს, დადიანების სასახლეს, ეროვნულ მუზეუმს; ამ უკანასკნელს აქვს საზოგადოებრივი სივრცეები, რომლებიც ასევე ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ამასთანავე, მუზეუმის სტუმრობა უფასოა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირისთვის.
ყველასთვის თანაბარი გარემოს შექმნის თვალსაზრისით კერძო სექტორიც აქტიურობს. მეღვინეობა ბევრი ვიზიტორისთვის განსაკუთრებით საინტერესო მიმართულებაა და სასიხარულოა, რომ ამ ინტერესის დაკმაყოფილებას ხელს არაფერი შეუშლის. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებულია „მეღვინეობა შილდა“, „თელავის მარანი“, „მეღვინეობა ხარება“, სადაც მოწყობილია პანდუსი; ასევე „შატო მუხრანი“, რომელიც შესაბამისი ლიფტითაც არის აღჭურვილი.
ეს მცირე ჩამონათვალია იმ შესაძლებლობებისა, რომლებიც ყველასთვის ქმნის გართობისა და დასვენების თანაბარ პირობებს. მეტი დეტალისთვის შეგიძლია ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს მიმართო, რომელიც ყველა ქალაქში ფუნქციონირებს.