KA
ჩინური - ქართლის სავიზიტო ბარათი

ჩინური - ქართლის სავიზიტო ბარათი

ვაზი ჩინური, იგივე ჩინებული, მრავალი საუკუნეა, ქართლის სავიზიტო ბარათია. სიტყვა „ჩინი“ ქართულად განსაკუთრებულობას გამოხატავს და მართლაც საოცარი თვისებებით ხასიათდება ამ ვაზის მტევნებისგან დაწურული და დავარგებული თეთრი ღვინო.

XIX-XX საუკუნეებში თბილისის ბაზრის მნიშვნელოვანი წილი ჩინურ ღვინოს ეკავა.

ცხელი ზაფხული და ჩინური ღვინო

განსხვავებით კახური, მკვეთრად გამოხატული ტანინიანი ღვინოებისგან, ჩინებულის ღვინო უფრო მსუბუქი, ზომიერად ტანინიანი და კერძებთან უპრეტენზიოა. 

საქართველოს ცხელ ზაფხულში, რაც არ უნდა სასიამოვნო ჩრდილში მოკალათდე, ღვინის შერჩევა გადამწყვეტია და კარგად ჩაცივებული ჩინური ლაზათიანად დაჭრილ ატამთან და სხვა საზაფხულო ხილთან ისეთ ტანდემში მოდის, რომ უკეთესს ვერაფერს ისურვებ. 

ღვინის ხასიათი

ჩინური, როგორც თეთრი მშრალი ღვინო, არის, ნაზი, საშუალო მჟავიანობით, მსუბუქი დასალევი, და თეთრი ატმის, ახლად მოთიბული ბალახისა და მსხლის არომატებით ხასიათდება.

ჩინურისგან დაყენებული ქარვისფერი ღვინო კი მწიფე ატმის, კომშის მურაბის არომატებს ატარებს და ნაკლებ ტანინიანია.

ქვევრში დაყენებული ეს შესანიშნავი ღვინო დღეს ევროპის, ამერიკისა და აზიის ბაზრებზე წარმატებით გადის და ვინც გასინჯავს, კიდევ მოითხოვს.

ღვინო ჩინური – საფრანგეთის ჩემპიონი

საქართველოს სამეფო საგვარეულოს წარმომადგენელი ივანე მუხრანბატონი XIX საუკუნეში დიდ მიწას ფლობდა სოფელ მუხრანში, სადაც დღესაც ერთ-ერთი საუკეთესო ჩინური მოჰყავთ ადგილობრივებს. 

მუხრანბატონს, ხანგრძლივი სამხედრო კარიერის მიუხედავად, ერთ-ერთი პირველი ადგილი ეკავა მაშინდელ რაციონალიზატორ მემამულეთა შორის. მუხრანბატონმა მევენახეობის კაპიტალისტური სისტემა ჩამოაყალიბა. იმ დროისთვის ახალი ტექნოლოგიების დანერგვისთვის 1876 წელს მან საფრანგეთიდან მოიწვია მეღვინეობის სპეციალისტები და მუხრანში 1,2 მილიონი ლიტრი ტევადობის ქარხანა ააგო, სადაც ღვინოს ევროპული წესით აყენებდა. 

1882 წელს მუხრანბატონის ღვინომ თავის პირველ საერთაშორისო გამოფენაზე, რომელიც მოსკოვში გაიმართა, უმაღლესი ჯილდო - სახელმწიფო გერბი დაიმსახურა. 7 წლის შემდეგ, 1889-ში, პარიზში გამართულ Exposition Universelle Internationale-ზე მუხრანბატონის ჩინებულმა ღვინომ ოქროს მედალი მიიღო. თავად მუხრანბატონს კი საფრანგეთის მთავრობამ უმაღლესი ჯილდო - „Officier du mérite agricole“ უბოძა. ივანე მუხრანბატონის კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის აღდგენის ფართო პროექტს დღეს კომპანია „შატო მუხრანი“ ახორციელებს. 

თბილისიდან დაახლოებით 30 წუთის სავალზე (ავტომობილით) ნებისმიერ სეზონზე შეგიძლია ეწვიო „შატო მუხრანს“ და არანაკლებ გასაოცარ გარემოში დააგემოვნო საოცარი ჩინური და სხვა საინტერესო ქართლი ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები. 

კულინარია და ჩინური  – თითქმის სრული თავისუფლება

სასიამოვნო არომატებით გამორჩეული მოოქროსფრო, ქარვისფერი ან ღია ჩალისფერი ღვინო ჩინური ძალიან უხდება როგორც თევზს, ისე სალათებს და, ასევე, ჩაცივებულ სეზონურ ხილსაც, განსაკუთრებით ატამს.

ზოგადად, ჩინურის რთველი სექტემბრის ბოლოს იწყება და ამ პერიოდში აღებული მოსავლისგან დგება ის საუკეთესო ღვინო. თუ ცქრიალა ღვინის დაყენებას გადაწყვეტ, მაშინ რთველი 10 ოქტომბერს არ უნდა გადააცილო.

აუცილებლად დააგემოვნე ქართლის ეს სავიზიტო ბარათი - როგორც ჭაჭაზე ქვევრში, ასევე უჭაჭოდ დაყენებული, ძალიან სასიამოვნო დასალევია.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა